პატრიარქი ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანს“ 20 წლის იუბილეს ულოცავს

პატრიარქი ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ “ბასიანს” 20 წლის იუბილეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას ფოლკლორის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„ანსამბლ “ბასიანს” და მის ხელმძღვანელ ბატონ გიორგი დონაძეს გულითადად ვულოცავ ანსამბლის დაარსებიდან 20 წლისთავს. ეს ახალგაზრდები ყოველთვის იყვნენ და კვლავაც არიან თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდის წევრები, მაგრამ უფლისადმი გალობისა და ღვთისმსახურების გარდა, 2000 წლიდან მათ მიზნად დაისახეს, ემსახურათ ქართული ფოლკლორისთვისაც, გამორჩეული და ფრიად ღირებული მუშაკობა გაეწიათ ჩვენს წიაღში აღმოცენებული, როგორც უნიკალური გალობის, ისე ხალხური სიმღერისთვისაც. და, აი, უკვე 20 წელზე მეტია ბასიანი იღწვის ქართული მუსიკალური აზროვნების ამ ორი სხვადასხვა, მაგრამ ურთიერთგანმსჭვალავი მიმართულების წარმოჩენისა და ახალ საფეხურზე აყვანისათვის.
უძველეს სიმღერათა და საგალობელთა გაცოცხლებით, პროფესიონალიზმითა და შესრულების დახვეწილი მანერით მათ უცხოეთშიც რაერთხელ ასახელეს სამშობლო.

ღმერთმა კვლავაც მრავალი წელი ამსახუროს ისინი ქართულ კულტურას, ქართულ სულიერი მემკვიდრეობას და ყოველთვის შეაძლებინოთ ბასიანის მსგავსი გამარჯვებების მოპოვება პირად ცხოვრებაშიც და სამოღვაწეო ასპარეზზე. უფალმა დალოცოს ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სიმღერა-გალობა და მისი უანგარო მსახურნი“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები