„ავიცრათ ერთმანეთისთვის“ – კამპანიის ფარგლებში, ინფლუენსერებისა და ცნობადი სახეების მესამე სამუშაო შეხვედრა კაფე-რესტორან „ბროწეულებში“ გაიმართა(ფოტო,ვიდეო)

ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიას – „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ინფლუენსერები, საზოგადოებრივი აზრის ლიდერები, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მესამე სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც იდეები გაცვალეს და კამპანიის სამოქმედო გეგმასა და ღონისძიებებზე, ასევე დაწესებულ რეგულაციებსა და უსაფრთხო ზონებზე ისაუბრეს.   კამპანიის მონაწილეებს კაფე-რესტორანმა „ბროწეულები“ უმასპინძლა.

ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების ხელშეწყობა, მისი აუცილებლობისკენ მოწოდება და იმუნიზაციის პროცესის შესახებ მოსახლეობაში ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელება – ეს ჯგუფის წევრების მთავარი მიზნებია. მესამე სამუშაო შეხვედრის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, მომდევნო, რიგით მე-4 შეხვედრა დააანონსეს, რომელიც, მათი განცხადებით, უფრო მასშტაბური იქნება.

იდეის ავტორი, სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი, კომპანია “influencer.ge” – ის დამფუძნებელი ნინა პერტენავა  აცხადებს, რომ მისასალმებელია ისეთი უსაფრთხო სივრცეების არსებობა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შეკრება და ერთმანეთთან ურთიერთობა. მისი თქმით, პანდემია, ადამიანური ურთიერთობების შეზღუდვის გამო, ფსიქიკასაც აზიანებს და პოსტპანდემიურ პერიოდში ეს ბევრ სირთულეს წარმოშობს.

„ვსაუბრობთ  უსაფრთხო ზონებზე, რეგულაციებზე, „მწვანე პასპორტზე“. როგორც ხედავთ, ცხოვრების ძველ რიტმს ვუბრუნდებით. პანდემიისას ადამიანებს ყველაზე მეტად აკლიათ ურთიერთობა. ყველა კვლევამ აჩვენა, რომ პანდემია, გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობას აზიანებს, ასევე ვნებს ადამიანების ფსიქიკას, რადგან მათ აკლიათ ურთიერთობები. საერთოდ, ამბობენ, რომ დეპრესიების  თვალსაზრისით პოსტპანდემიური პერიოდი ყველაზე რთული იქნება. ამიტომ ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ გვექნება ადამიანებს ვნახავთ, შევხვდებით ახალ წელს ისეთ გარემოში, სადაც ყველა ჩვენი ახლობელი შეიძლება იყოს და ამას მივესალმებით. საერთოდ, გვგონია, რომ 2022 წელს უნდა დავემშვიდობოთ პანდემიას, ეს ჩვენს ხელთ არის“,- ამბობს ნინა პერტენავა.

ინფლუენსერების საინიციატივო ჯგუფის მესამე შეხვედრის მასპინძელი, კაფე-რესტორან „ბროწეულების“ დამფუძნებელი ნინო იაშვილი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. იგი აღნიშნავს, რომ „ბროწეულები“ კოვიდუსაფრთხო სივრცეა, თუმცა პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია ყველას აცრა.

„ბროწეულები“ სამი თვეა გავაკეთეთ. მჯეროდა ჩემი ხალხის, რომ ავიცრებოდით და აუცილებლად ვიქნებოდით დაცულები, თუნდაც იმიტომ, რომ სახლში მშობლები, შვილები გვყავს და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შესაბამისად,  ნამდვილად მჯერა, რომ ყველა ავიცრებით, ისევ დავუბრუნდებით ძველ დროს და ადამიანურად ვიცხოვრებთ.
ჩვენი სივრცე აბსოლუტურად დაცულია. „მწვანე პასპორტებით“ ვიღებთ სტუმრებს. ყველას მივმართავ, ავიცრათ, ადამიანებო, რომ დავუბრუნდეთ ძველ დროს“,- აღნიშნავს ნინო იაშვილი.

ვაქცინაციის კამპანიის #ავიცრათერთმანეთისთვის საინფორმაციო მხარდამჭერია კომპანია „ქოლგა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები