დავით სონღულაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი სენატის საგარეო და თავდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პასკალ ალიზარდის შეხვდნენ
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომური პოლიტიკის თავმჯდომარე – დავით სონღულაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომრე – მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის სენატის საგარეო და თავდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პასკალ ალიზარდის შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ფრანგმა სენატორმა აღნიშნა, რომ ის არაერთხელ ყოფილა ვიზიტად საქართველოში და კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი პატივისცემა ქართული მხარის მიმართ.
დავით სონღულაშვილმა პასკალ ალიზარდის საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს საქართველოს მიმართ საფრანგეთის საქმიანი წრეებისა და კომპანიების ინტერესის გაზრდას, ქვეყანაში ფრანგული ინვესტიციების მოზიდვას, სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასა და ფრანგული მხარის გამოცდილების გაზიარებას. დავით სონღულაშვილმა, განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია ფრანგული უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების MEDEF International-თან თანამშრომლობის გაღრმავებით. ასევე, მან ფრანგულ მხარეს პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მაკა ბოჭორიშვილმა ფრანგ სენატორთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ეს ქართველი ხალხის გააზრებულ არჩევანს წარმოადგენს.
აქცენტი გაკეთდა 2024 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების გეგმაზე და ამ კუთხით საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიოტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება განიხილეს. ასევე, იმსჯელეს შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. სენატის საგარეო და თავდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული მისწრაფებების მიმართ საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.