გია ვოლსკი: შერიგების საკითხს შეგვიძლია, ვუწოდოთ მოგონილი თემა, ახალი დღის წესრიგი, რომელმაც უნდა გადაფაროს ის რეალობა, რაც შეიქმნა – რევოლუცია ვერ შედგა, სააკაშვილი აღმოჩნდა საკანში
“შერიგების თემას შეგვიძლია, ვუწოდოთ და გვაქვს საფუძველი ამის, რომ ვუწოდოთ მოგონილი თემა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ეროვნულ შერიგებაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, სააკაშვილის განცხადების სერიოზულად მიღება არ შეიძლება.
“შერიგების თემას შეგვიძლია, ვუწოდოთ და გვაქვს საფუძველი ამის, რომ ვუწოდოთ მოგონილი თემა, ახალი დღის წესრიგი, რომელმაც უნდა გადაფაროს ის რეალობა, რაც შეიქმნა – რევოლუცია ვერ შედგა, სააკაშვილი აღმოჩნდა საკანში. ახლა შერიგების თემა შემოვიდა, თუმცა, ყველამ ვიცით, გეგმა რა იყო, რევოლუციას რა უნდა მოჰყოლოდა და მმართველობის როგორი სისტემა ჰქონდათ ამ ადამიანებს. მისი განცხადება არ შეიძლება, მივიღოთ არც სერიოზულად და არც სამოქმედო საკითხად, რომელიც შეიძლება, განხილული იყოს”, – განაცხადა ვოლსკიმ.