გერმანიის ბუნდესტაგმა ქვეყნის ახალი კანცლერის პოსტზე სოციალ-დემოკრატის, ოლაფ შოლცის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
გერმანიის მთავრობის მეთაური ფარული კენჭისყრით დებატების გარეშე ირჩევა. პირველ ტურში გასამარჯვებლად საჭიროა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა. მოქმედ ბუნდესტაგში 736 დეპუტატიდან, ეს – სულ მცირე – 369 ხმას ნიშნავს.
პროცედურის დაწყების შესახებ ბუნდესტაგის პრეზიდენტმა, ბარბელ ბახმა გამოაცხადა. პარლამენტს ქვეყნის მომდევნო ხელმძღვანელის კანდიდატურა პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა წარუდგინა.
შოლცმა გამარჯვება არა მხოლოდ სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD), არამედ “მწვანეებისა” და “თავისუფალი დემოკრატიული პარტიის” (FDP) მხარდაჭერის შედეგად მოიპოვა.
სწორედ ეს სამი პოლიტიკური ძალა ქმნის ახალ მმართველ კოალიციას FRG-ში.
ოლაფ შოლცი გერმანიის მეცხრე კანცლერი გახდა.
პოლიტიკოსი 1958 წელს ოსნაბრიუკში დაიბადა, სწავლობდა სამართალს, გაიარა ალტერნატიული სამხედრო სამსახური და მუშაობდა ადვოკატად.
შოლცი ორჯერ იყო ბუნდესტაგის წევრი – 1998 წლიდან 2001 წლამდე და 2002 წლიდან 2011 წლამდე.
2007 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობაში შრომის ,მინისტრად, 2011 წლიდან 2018 წლამდე იყო ჰამბურგის პირველი ბურგომისტრი, ხოლო 2018 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს და პარალელურად ვიცეკანცლერის თანამდებობას იკავებდა.
ბუნდესტაგის არჩევნები 26 სექტემბერს ჩატარდა.