დღეს ბაიდენისა და პუტინის ვიდეოკონფერენცია გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და მისი რუსი კოლეგა, ვლადიმერ პუტინი ვიდეოკონფერენციას გამართავენ, რაც ორი ქვეყნის ლიდერების უკვე რიგით მეორე მოლაპარაკება გახდება.

კრემლსა და თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ლიდერები ერთმანეთს მოსკოვის დროით დაახლოებით 18:00 საათზე დაუკავშირდებიან, ხოლო ვაშინგტონის დროით იქნება დილის საათები.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მოლაპარაკება დაცული ვიდეოკავშირის მეშვეობით გაიმართება, “ვთვლით, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ვიდეოკონფერენცია”, პირდაპირი ტრანსლაცია არ იქნება.

რაც შეეხება თემებს, პესკოვი ამბობს, რომ პუტინი და ბაიდენი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სავალალო მდგომარეობაზე ისაუბრებენ.

„რა თქმა უნდა, საჭირო იქნება იმის განხილვა, თუ როგორ განხორციელდება ჟენევაში მიღწეული შეთანხმებები, გავიაროთ, ვნახოთ, რა რეალიზდება სრულად და რა მოითხოვს დამატებით ძალისხმევას“, – დასძინა კრემლის სპიკერმა.

მისივე თქმით, სხვა თემებს შორის არის – დაძაბულობა უკრაინის გარშემო, ნატო-ს გაფართოება რუსეთის საზღვრებისკენ და რუსეთის ლიდერის ინიციატივა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ერთობლივი განცხადებები არ გაკეთდება.

დასავლური მედიის ინფორმაციით კი, ბაიდენი გააფრთხილებს პუტინს იმ ეკონომიკური სირთულეების შესახებ, რაც რუსეთს ექნება, თუ კრემლი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს.

ასევე, წყაროს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დღეს, მოგვიანებით ბაიდენმა კონსულტაციები გამართოს ევროპელ მოკავშირეებთან, რათა ხაზი გაუსვას სოლიდარობის აუცილებლობას.

პუტინისა და ბაიდენის პირველი პირისპირ შეხვედრა ჟენევაში მიმდინარე წლის 16 ივნისს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები