გიორგი გაგნიძის შთამბეჭდავი სკარპია – ქართველი ბარიტონის მორიგი ტრიუმფი მეტროპოლიტენ-ოპერაში

პანდემიის დროს, მოგეხსენებათ, მსოფლიოს მრავალი წამყვანი საოპერო თეატრი დაკეტილი იყო. მათ შორის ნიუ – იორკის მეტროპოლიტენის ოპერაც. სულ რამდენიმე ხნის წინ თეატრმა განაახლა მუშაობა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ინფორმაციით, მეტროპოლიტენის სცენაზე გაიმართა პუჩინის „ტოსკას“ განახლებული დადგმის ჩვენება, რომელშიც საგანგებოდ მიიწვიეს სახელგანთქმული ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე. იგი 11 სპექტაკლში მიიღებს მონაწილეობას. ვინც ამ პერიოდში მოხვდება ნიუ-იორკში, ვისაც აქვს სურვილი, ნახოს დევიდ მაკვიკარის მიერ დადგმული „ტოსკა“ და მოუსმინოს ჩვენს სახელოვან მომღერალს სკარპიას როლში, ამის შესაძლებლობა იანვრის ბოლომდე ექნება. გიორგი გაგნიძეს პარტნიორობას უწევენ – ასევე სახელგანთქმული სონდრა რადვანოვსკა და ბრაიან იაგდი.
გიორგი გაგნიძე: „პანდემიის დაწყებიდან წლინახევრის შემდეგ კვლავ მომიწია ნიუ-იორკში ჩამოსვლა, ამ ულამაზეს ქალაქში. მეტროპოლიტენ-ოპერას სცენაზე 100 სპექტაკლზე მეტი მაქვს შესრულებული, მათ შორის 30 „ტოსკა“. მე მახსენდება ის პირველი წლები, მაესტრო ჯეიმს ლივაინი, ვისთანაც ვიმღერე პირველი პრემიერა მეტროპოლიტენში. ეს იყო „ტოსკა“. უბედნიერესი ვიყავი მაშინ, აქ რომ ვიმყოფებოდი და ახლაც უბედნიერესი ვარ, რომ ნიუ-იორკის სახელგანთქმული ოპერის თეატრში სეზონს „ტოსკით“ ვხსნი. მე სკარპიას როლს ვასრულებ შესანიშნავ ქასტთან ერთად, ეს არის სონდრა რადვაინოვსკა, ბრაიან იაგდი და დირიჟორობს სპექტაკლებს თეატრის მთავარი დირიჟორია იანიკ ნეზეტ-სეგუინი. დადგმა არის ძალიან ცნობილი რეჟისორის დევიდ მაკვიკერის, საკმაოდ ტრადიციული და ლამაზი“.
სპექტაკლის შემდეგ მეტროპოლიტენ-ოპერას მთავარმა დირიჟორმა განაცხადა: „ეს არის ჩემი სანატრელი შემადგენლობა – სონდრა რადვაინოვსკა, ბრაიან იაგდი და გიორგი გაგნიძე. დიდი პატივია, რომ ასეთ შესანიშნავ მომღერლებთან ერთად მიწევს მუშაობა“.
„ტოსკას“ წარმატებულ სპექტაკლს ბომბის აფეთქებას ადარებდა NY Times. მაყურებელთა ოვაციები დიდი ხანი არ ცხრებოდა. დაიწერა მრავალი რეცენზია. ცნობილი კრიტიკოსი ჯორჯ გრელა Newyorkclassicalreview – ში წერდა: „გაგნიძე იყო შესანიშნავი სკარპია, შთამბეჭდავი, მაგრამ არა უხეში. მის სიმღერაში შინაგანი ცხოვრება და მამოძრავებელი ძალა იგრძნობოდა, რაც გამოარჩევდა მას ბრაიან იაგდთან სცენებში. მეორე აქტის გადამწყვეტ დაპირისპირებაში კავარადოსისთან, გაგნიძე თავისი პერსონაჟის სოციოპათურ დამაჯერებლობას გადმოგვცემდა. სკარპია ტოსკას განიხილავს, როგორც სოციალურად არასრულფასოვან პიროვნებას, რომლითაც მას შეუძლია მანიპულირება. გაგნიძემ ეს ელიტარული ზიზღი გადმოსცა თავის სიმღერაში ერთგვარი ბრავადით და თავგანწირულობით“.
NY Times-ში ცნობილი კრიტიკოსი ენტონი ტომაზინი წერდა: „სკარპიას გამოცდილი ბარიტონი გიორგი გაგნიძე განასახიერებდა. გაგნიძემ თავისი სკარპია გამოძერწა. მან გადმოსცა პერსონაჟის სიბრაზე და, ამავე დროს მისი არისტოკრატიული ზიზღი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები