აგრარულ სექტორში დასაქმებულ ვეტერანთა მხარდასაჭერად შეხვედრა გაიმართა

3 დეკემბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსმა, ლელა კიკნაძემ შეხვედრა გამართეს პროექტ ”ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში” დირექტორ იეტონ სტაროვსა და ამავე პროექტის ტექნიკურ დირექტორთან, ლაშა ავალიანთან. შეხვედრა ზუმ-ფორმატში წარიმართა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ვეტერანების ხელშეწყობას ეხებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კობა კობალაძემ სტუმრებს წარუდგინა სამსახურის სამომავლო გეგმები, მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით, მცირე და საშუალო საქონლის ფერმების მფლობელ ვეტერანთა საჭიროებებსა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ისინი დგანან და რომელთა გადალახვაც პროდუქტიულობის ამაღლებისთვის აუცილებელია არსებული კონკურენციის პირობებში.

სამსახურის დირექტორმა ასევე ისაუბრა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, აგრარულ სექტორში, ვეტერანების მიერ დაწყებულ საპილოტე პროგრამებზე და გურიაში შექმნილ ”ვეტერან ფერმერთა ასოციაციაზე”, რომელთა განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია როგორც სამსახურისა და სახელმწიფოს, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა.

კობა კობალაძემ აღნიშნა, რომ ვეტერანები – ქვეყნის წინაშე დამსახურებული ეს ადამიანები, რომელნიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ძალისხმევას არ იშურებდნენ, დღეს მზად არიან, ქვეყნის სიძლიერეში შეიტანონ თავიანთი წვლილი აგრარული სექტორის განვითარების ხელშეწყობით.

საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამსახურის ბენეფიციარების, განსაკუთრებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ვეტერანებისთვის სპეციალური პროექტების მნიშვნელობას, რაც დონორი ორგანიზაციების მხრიდან, არა მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას, არამედ  – გადამზადების განსაკუთრებული პროგრამების შემუშავებასაც გულისხმობს.

იეტონ სტაროვმა და ლაშა ავალიანმა კობა კობალაძეს შემდგომი, ნაყოფიერი თანამშრომლობის პირობა აღუთქვეს. მხარეები, ახლო მომავალში, ვეტერანთა მხარდასაჭერად და კონკრეტული პროგრამების განსახორციელებლად, ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ნათია ჯანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები