ბიძინა კულუმბეგოვი: “ომიკრონის” შტამის წინააღმდეგ მოწყვლადი რჩება საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც არც დაავადება გადაუტანია და არც აცრა აქვს გაკეთებული
ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის ახალი “შტამით” დაინფიცირების შანსი მეტია, თუმცა, ხშირ დაავადება შემთხვევაში მძიმე გართულების გარეშე ჩაივლის. მისივე თქმით, ახალი შტამის წინააღმდეგ ყველაზე მეტი საფრთხის წინაშე აუცრელი ადამიანები და ის პირები რჩებიან, ვისაც ვირუსი არ გადაუტანია.
„წინასწარი მონაცემებით, „ომიკრონის“ შტამს შეუძლია, შედარებით უფრო მეტი ადამიანი დააინფიციროს, ანუ გადატანილი იმუნიტეტის დაცვის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდება. საბედნიეროდ, ვაქცინირებულ ადამიანებში მძიმე დაავადება და სიკვდილობა ნაკლებია. ანუ ავადობის საფრთხე გაიზრდება, მაგრამ ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილობა იქნება ნაკლები. შესაბამისად, ყველაზე მეტად მოწყვლადი რჩება საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც არც დაავადება გადაუტანია და არც აცრა აქვს გაკეთებული.
როგორც კი „ომიკრონი“ დაფიქსირდება, ის ძალიან სწრაფად, როგორც ცეცხლი, მოედება საზოგადოებას, განსაკუთრებით კი – აუცრელ ადამიანებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ აიცრან. თუ ასე შევხვდებით „ომიკრონის“ შტამს, მინიმალური დანაკარგებით გადავიტანთ ამ ტალღას“, – აცხადებს კულუმბეგოვი.