ოპოზიციის პროტესტი და ხმაური – სამეგრელოს 4 საკრებულოში თავმჯდომარე ვერ აირჩიეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტიდან ოთხში: აბაშაში, მარტვილში, ხობსა და მესტიაში საკრებულოს თავმჯდომარეები აირჩიეს.
აბაშაში საკრებულოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ წევრი, ლევან მაკალათია გახდა. მარტვილში – ლევან სურმავა, ხობში – ლევან ქავთარაძე, მესტიაში – მაიზერ ჯაფარიძე, ოთხივე მათგანი „ქართული ოცნების“ წევრია.
დანარჩენ ოთხ მუნიციპალიტეტში კი, სენაკში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში, საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და პარტია „საქართველოდან“, სხდომა დატოვეს. ვინაიდან ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში არცერთ პარტიას არ ჰყავს უმრავლესობა და სხდომაზე დარჩენილი „ქართული ოცნება“ კვორუმს ვერ აგროვებდა, სხდომები ერთი კვირით გადაიდო. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს.