პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო, გადამუშავებულ ვერსიას მხარი დაუჭირა
საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომლის თანახმად, შემოსულობების ნაწილი 166 მლნ ლარით იზრდება და შეადგენს 18 მლრდ 99 მლნ ლარს. ხარჯვითი ნაწილი იზრდება 297 მლნ ლარით და შეადგენს 19 მლრდ 796 მლნ ლარს, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება და 6,9%-ის ნაცვლად 6,7%-ის ოდენობით განისაზღვრება.
„გაიზარდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ასევე, შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტიც. ხარჯვითი ნაწილის ზრდა მიმართული იყო ჯანდაცვის სექტორში დამატებითი ხარჯების აუცილებლობით. ეს ეხებოდა პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას. ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ წლის მეორე ნახევარში საჭირო იქნებოდა დაახლოებით 4500-მდე საწოლის მობილიზება თუმცა, ვირუსის გავრცელებას ჰქონდა უფრო ფართო მასშტაბი და საბოლოო ჯამში 9000-ს გადააჭარბა მობილიზებული საწოლების რაოდენობამ. შესაბამისად, აუცილებელი გახდა დამატებითი ხარჯების გაწერა ინფიცირებული მოსახლეობის მკურნალობისთვის. ყოველივე ამან გამოიწვია აუცილებლობა, რომ ჯანდაცვის სექტორში დამატებითი ხარჯები მიგვემართა. სწორედ ეს იყო ის მთავარი მიზანი და მიზეზი, რის გამოც საჭირო გახდა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის 10%; მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 8%. მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, 2021 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი განსაზღვრულია 58, 5 მლრდ ლარის ოდენობით. დეფიციტის მაჩვენებელი კვლავ შემცირებულია და განისაზღვრება 6,7 %-ით. ვალის მაჩვენებელი შემცირებულია და მიმდინარე წლის ბოლოსთვის იქნება 51,7 %.
მომხსენებლის ინფორმაციით, დაგეგმილთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის შემთხვევაში საგადასახადო შემოსავლები იზრდება 300 მლნ ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მცირდება ვალის აღების მაჩვენებელი. „რეალურად წელს ვალის აღების ნაცვლად, ჯამურად 300 მლნ ლარს შიდა ვალს დავფარავთ. რაც შეეხება საგარეო ვალს, იმ თანხების ხარჯზე, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე ჩამორიცხულია, აისახება ბიუჯეტში და საგარეო ვალის ნაწილი იქნება დაახლოებით 19 მლნ ლარის ოდენობით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ბიუჯეტში ზრდა განხორციელდა სამი მიმართულებით.
ჯანდაცვის სექტორში დაფინანსება ჯამში 376 მლნ ლარით იზრდება. აქედან 355 მლნ ლარით იზრდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო 20 მლნ. ლარი ემატება სოციალურ მიმართულებას, რომელიც 60 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაციის წახალისებას მოხმარდება. ასევე, იზრდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 60 მლნ ლარით და 16,0 მლნ ლარით დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება.
მომხსენებლის ინფორმაციით, ხარჯვითი ნაწილის შემცირება ეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომლის შემთხვევაში მცირდება ორი პროგრამის დაფინანსება. „აწარმოე საქართველოს ფარგლებში საკრედიტო საგარანტიო სქემისთვის გამოყოფილი თანხა მცირდება 35.0 მლნ ლარით და ასევე მცირდება მეორე პროგრამა 22,6 მლნ ლარით, რომელიც ინტერნეტიზაციის პროგრამას ეხება.
12 მლნ ლარით მცირდება საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებები. სავალუტო კურსების და საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შედეგად სახელმწიფო ვალების მომსახურებისა და დაფარვისთვის გათვალისწინებული ასიგნებები ჯამში მცირდება 85,0 მლნ ლარით, მათ შორის: საშინაო ვალის მომსახურება მცირდება – 20,0 მლნ ლარით; საგარეო ვალის მომსახურება მცირდება 50,0 მლნ ლარით ხოლო საგარეო ვალის დაფარვა მცირდება 15,0 მლნ ლარით.
პარლამენტის წევრებმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო, გადამუშავებულ ვერსიას მხარი 80 ხმით, ერთხმად დაუჭირა.