უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ვოლსკი და წერეთელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა უკრაინასთან დაკავშირებით პარლამენტისგან განცხადების მიღება მოითხოვა. წერეთელმა განმარტა, რომ ეს შეიძლება მხოლოდ განცხადების სახით გავრცელდეს, თუმცა მასში მკვეთრად უნდა იყოს დაფიქსირებული პარლამენტის მოსაზრება ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით.
,,ძალიან ადეკვატური იქნება პარლამენტის განცხადება ამასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის საერთო განწყობის გამომხატველი იყოს. ასე გაჩუმება ამ ფაქტზე არ ღირს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ განცხადებები გააკეთა. მთელმა მსოფლიომ გამოხატა პოზიცია და თუკი უმრავლესობას არ სურს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება, მაშინ ეს თქვენი გადასაწყვეტია”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
წერეთლის ამ განცხადებას უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი გამოეხმაურა. ვოლსკის თქმით, მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით უკრაინამ ექსპერტები ჩამოიყვანა და მნიშვნელოვანია უკრაინის ხელისუფლების მოსაზრების მოსმენა. ვოლსკის ამ განცხადებას დეპუტატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
,,უკრაინას 30 ექსპერტი ჰყავს ჩამოყვანილი და მიმდინარეობს დიდი პროცესები, რომელმაც შეიძლება ისტორია შეცვალოს. ამიტომ დაველოდოთ მათ განცხადებას. ამდენი საუბარი იმაზე, რომ უმრავლესობა თავს იკავებს განცხადებისგან, არასწორია და ამდენი ლანძღვაც არ არის საჭირო. აქ რუსეთზე არ არის საუბარი. რუსულ პოლიტიკას ატარებთ და ატარებდით თქვენ”, – მიმართა გია ვოლსკიმ უმრავლესობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები