“ყირიმი არ არის ის საკითხი, სადაც თავს შეკავების უფლებას ვაძლევთ” – უკრაინაში ლუკაშენკოს მიერ ყირიმის შესაძლო აღიარებას უპასუხეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ კიევი იმოქმედებს „სრული პროგრამით“, თუ ბელორუსი ნამდვილად აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაციას.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს რიგაში განუცხადა, სადაც ნატო-ს მინისტერიალი მიმდინარეობს.

“ვფიქრობ, აზრი არ აქვს, შევაფასოთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ცნობიერების ნაკადის ყველა გამოვლინება, რომელსაც ის რეგულარულად ახორციელებს სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე. ჩვენ მის ქმედებებს შევაფასებთ. თუ ბელორუსი ნამდვილად აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაციას, ეს გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს უკრაინა-ბელორუსის ურთიერთობებს. ჩვენ სრულად ვიმოქმედებთ. ყირიმი არ არის ის საკითხი, სადაც თავს შეკავების უფლებას ვაძლევთ”, – თქვა მინისტრმა.

როგორც ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ყირიმის ნახევარკუნძული დე ფაქტო რუსეთის იყო და 2014 წლის რეფერენდუმის შემდეგ ის რუსული დე იურე გახდა. ასევე, ბელორუსის ლიდერმა ყირიმში ჩასვლის სურვილი გამოთქვა და დასძინა, რომ შესაძლოა, ბელორუსულმა ავიაკომპანია “ბელავიამ” ნახევარკუნძულზე ფრენები დაიწყოს.

აღსანიშნავია – ნოემბრის დასაწყისში რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელორუსის პარლამენტმა მთავრობისგან დოკუმენტი მიიღო, რომელშიც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებაზეა საუბარი.

თუმცა, ბელორუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა მალევე გაავრცელეს ინფორმაცია ქვეყნის პარლამენტის სამდივნოზე დაყრდნობით, რომ საკანონმდებლო ორგანოს მსგავსი დოკუმენტი არ მიუღია.

რამდენიმე დღის შემდეგ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ელოდება ბელორუსის მხრიდან “აღიარებას”, რაც, მისი თქმით, დროში არ უნდა გაიწელოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები