შალვა ნათელაშვილი: სააკაშვილის განცხადებამ, რომ 2007 წლის სახალხო გამოსვლები დაგეგმილი იყო მოსკოვიდან, კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ პოლიტიკოსის უცვლელობაში

“ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გუშინდელმა განცხადებამ, რომ 2007 წლის სახალხო გამოსვლები დაგეგმილი იყო მოსკოვიდან, კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ პოლიტიკოსის უცვლელობაში”, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მწარე წარსულმა ადამიანებს “რაღაც” მაინც უნდა ასწავლოს.

“ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გუშინდელმა განცხადებამ, რომ 2007 წლის სახალხო გამოსვლები დაგეგმილი იყო მოსკოვიდან კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ პოლიტიკოსის უცვლელობაში. მსოფლიომ იცის, ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო პუტინის აჩრდილია და როგორ გაბედავდა მის გარეშე სააკაშვილთან დარეკვას გაფრთხილებით, რომ მოსკოვი მის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? თანაც, იმ დროს პუტინის პირადი ოლიგარქი ივანიშვილი ეჯდა გვერდით სააკაშვილს და არა მარტო მის რეჟიმს აფინანსებდა, არამედ ჩვენს დამარბეველ სპეცრაზმელებს პრემიები მისცა “ქართუ ბანკიდან”. ის მიტინგები გამოწვეული იყო ხალხის მრისხანებით სასტიკ რეპრესიებზე, ძალადობაზე, ბიზნესის წართმევა–გადანაწილებაზე, 40 წლის ადამიანების პენსიონრებად და საბჭოთა გადმონაშთებად გამოცხადების, ბენდუქიძის ყველაფრის გაყიდვის მავნე ლიბერალური იდეოლოგიის განხორციელებისადმი პროტესტის შედეგად. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ,,ვარდების რევოლუციად,, შეფასებულ პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალებას არ ეთანხმებოდა მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი, რომლებიც ასევე ქუჩაში გამოვიდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ პერიოდში პუტინის ყველაზე საშიშ მტრებად ითვლებოდნენ სწორედ ოლიგარქები ბერეზოვსკი და პატარკაციშვილი. მოკლედ მწარე წარსულმა რაღაც მაინც უნდა გვასწავლოს”, – წერს ნათელაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები