ირაკლი ბერაია: მნიშვნელოვანია, სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ რეგიონებში ჰქონდეს წვდომა და ამისთვის აუცილებელია რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდა
“მნიშვნელოვანია, სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ რეგიონებში ჰქონდეს წვდომა და ამისთვის აუცილებელია რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდა”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
„იმ მანდატიდან, იმ ფუნქციისა და პრიორიტეტიდან გამომდინარე, რაც სადამკვირვებლო მისიას აკისრია, დიდია ევროკავშირის როლი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში. ეს არის ერთადერთი სანდო, საერთაშორისო თანამეგობრობის მანდატით აღჭურვილი, ადგილზე მუდმივად წარმოდგენილი თვალი და ყური ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ვინც დეტალურ ინფორმაციას აწვდის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მიმდებარედ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობას. მისიას ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს, მათ შორისაა საკომუნიკაციო ფუნქცია და მისიის ცხელი ხაზი, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ინციდენტების დარეგულირებასა და აღმოფხვრაში. მისიის მანდატით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობა იმ ამოცანების შესასრულებლად, რასაც დეოკუპაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება და ცეცხლის შეწყვეტის შესრულება გულისხმობს, ძალიან მნიშვნელოვანია. მისიის საქმიანობა დაკავშირებულია რისკებთან და საფრთხეებთან და გვახსოვს შემთხვევები, როდესაც საოკუპაციო ძალების მხრიდან მისიის წარმომადგენლების დაკავებაც მომხდარა, რაც ოკუპაციის მძიმე შედეგებსა და მის თანმდევ პროცესებს კიდევ ერთხელ ადასტურებს. აუცილებელია მისიას წვდომა ჰქონდეს ოკუპირებულ რეგიონებში, რაც გათვალისწინებულია მისიის მანდატით და ამისთვის აუცილებელია რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდა. ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას გამოვხატავთ ევროკავშირისა და მისი მისიის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.