სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, „ომიკრონის“ შტამით დაინფიცირებულ პაციენტებს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ

სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის თავჯდომარის, ანჯელიკ კოეტზეს განცხადებით, რომელიც პირველი იყო, ვინც თავის პაციენტებში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირება აღმოაჩინა, ინფიცირება ხასიათდება უჩვეულოდ მსუბუქი სიმპტომატიკით.

სწორედ მისი და სამხრეთ აფრიკის დაავადებათა კონტროლის სააგენტოს აღმოჩენის წყალობით გახდა ცნობილი ახალი შტამის არსებობა, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ომიკრონი“ უწოდა.
მედიკოსის თქმით, 18 ნოებერს მის დაკვირვებაში მყოფ 7 პაციენტს, „დელტას“ შტამისგან განსხვავებით, კორონავირუსისთვის უჩვეულოდ მსუბუქად გამოხატული სიმპტომატიკა აღენიშნებოდა.
„მესამე ტალღის“ დროს „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებულ ბევრ პაციენტს ვუწევდით სამედიცინო დახმარებას. ახალი პაციენტების კლინიკური სურათი კი სრულიად განსხვავდებოდა „დელტა“ ვარიანტისგან, ამიტომ, კვლევების ჩატარება გადავწყვიტეთ. პაციენტების უმეტესობას ძალიან მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა და უნდა ითქვას, რომ არცერთ მათგანს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია. ყველა პაციენტი ტრადიციული მეთოდით მკურნალობდა სახლის პირობებში და ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა“, – აცხადებს ანჯელიკ კოეტზე.

მედიკოსის განცხადებით, ახლადაღმოჩენილი „ომიკრონის“ შტამით, ძირითადად, 40 წელს გადაცილებული და არავაქცინირებული პირები ავადდებიან.

„ომიკრონის“ შტამით ინფიცირებისას, ყველაზე გამოხატული სიმპტომია უკიდურესი სისუსტე, რაც დაახლოებით 2 დღეს გრძელდება, პაციენტებს ასევე აწუხებთ სახსრებისა და თავის ტკივილი.

შეგახსენებთ, რომ, „ომიკრონის“ შტამის აღმოჩენის გამო, აშშ-მა და ევროპის სახელმწიფოებმა სამხრეთ აფრიკასა და კონტინენტის რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესეს. „ომიკრონის“ შტამის გავრცელების შესამცირებლად, შეჩერებულია რეისებიც აფრიკის კონტინენტის რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის – სამხრეთ აფრიკიდან.

წყარო: https://www.reuters.com/world/africa/safrican-doctor-says-patients-with-omicron-variant-have-very-mild-symptoms-2021-11-28/?fbclid=IwAR2qsw3s1I2e9gs4CfrNsiXmgnwnDJXLzZqOlOHE-MSN3R8ponBpCDYxGCs

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები