კახა კუჭავა: ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური პოლიტიკური რიტორიკა დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს
„ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური პოლიტიკური რიტორიკა დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს და მთლიან საზოგადოებას ვნებს. აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენა და დემოკრატიული განვითარებისთვის ხელახალი ენერგიის მიცემა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საპარლამენტთაშორისო კავშირის 143-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამბიციურ სამომავლო მიზნებზე საუბრისას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მმართველობის სისტემები არსებითი საფრთხეების წინაშე დგანან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პოლიტიკურ პოლარიზაცია გამოწვევაა საქართველოში და ამას ემატება ისიც, რომ ქვეყნის 20% რუსული ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.
„ჩვენ შეიძლება ვერ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს ცალკეულ თემატურ საკითხებზე. ეს ნორმალური და საჭირო უთანხმოებაა, რაც დემოკრატიას ამოძრავებს. თუმცა, გასული ათწლეულის მანძილზე პოლარიზაციის ჯერ არნახული ხარისხის მომსწრე გავხდით. კოვიდ-19 ვირუსის პანდემიამ კიდევ უფრო მეტად მოახდინა გავლენა ბევრი ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობაზე. ვირუსთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა დამატებით შეუწყო ხელი პოლიტიკური პოლარიზების ზრდას. პოლარიზაცია დღესდღეობით განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, საზოგადოებრივ დაყოფას კი ბოლო არ უჩანს. ჩემი ქვეყანა ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. პოლიტიკური პოლარიზაცია საზოგადოების გამოწვევაა საქართველოშიც. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%, ორი ისტორიული რეგიონი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რუსული ოკუპაციის ქვეშაა. ამ რეგიონების მაცხოვრებლები ეთნიკურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობის და გაუმართლებელი შეზღუდვების მსხვერპლნი არიან, ყოველდღიურად იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისთვის, არ აქვთ წვდომა სათანადო სამედიცინო დახმარებაზე და მათი კანონიერი ინტერესები უხეშად არის იგნორირებული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.