თამარ გაბუნია: ძალიან რთულია პროგნოზირება, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის ახალი ვარიაციის ამ ქვეყანაში გავრცელებამ – ეს შტამი კიდევ ერთი, დამატებითი მიზეზია, რომ ყველამ დროულად მიიღოს ვაქცინაციის გადაწყვეტილება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის – „ომიკრონის“ გამოვლენის შემდეგ, აუცილებელია, კოვიდვაცინაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.
„ჩვენთვის, ყველაზე ქმედითი რისკების შემცირებაზე მუშაობა და თავის დაცვა იქნება, რათა ახალი შტამი ქვეყანაში აქტიურად არ გავრცელდეს. ძალიან რთულია პროგნოზირება, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის ახალი ვარიაციის ამ ქვეყანაში გავრცელებამ, რადგან ჩვენ უკვე ვნახეთ „დელტა“ შტამის დამანგრეველი შედეგები. ასე რომ, მომზადების ნაწილში, აქცენტი ვაქცინაციის პროგრამის რაც შეიძლება სწრაფად გაშლაზე უნდა გავაკეთოთ. ეს არის კიდევ ერთი, დამატებითი მიზეზი იმისთვის, რომ ყველამ დროულად მიიღოს ვაქცინაციის გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.