Facebook-მა და Instagram-მა ქართული ე.წ. მეკობრული საიტების გვერდები წაშალა – adjaranet, iMovies, croconet

ქართული ე.წ. მეკობრული ვებგვერდების (adjaranet.com, iMovies.cc, croconet.com, qartulad.com, srulad.com, geosaitebi.ge, hoovies.net, movies.ge) სოციალური მედიის გვერდები Facebook-სა და Instagram-ზე გასაჩივრების უფლების გარეშე წაიშალა. ამის შესახებ საქართველოს ანტიმეკობრეული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზურაბ ბეჟაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც  ორგანიზაციაში აცხადებენ, ქართულ მეკობრულ ვებგვერდებს ფეისბუქსა და ინსტაგრამზე სოციალური მედიის გვერდები ჰოლივუდის დიდი კინოსტუდიების გაერთიანების MPA (Motion Picture Association) მიმართვის საფუძველზე წაეშალათ. ეს გაერთიანება წარმოადგენს ისეთ გიგანტ ამერიკულ კომპანიებს, როგორებიცაა Disney, Paramount, Warner Bros, Universal, SONY და Netflix.

გადაწყვეტილება ევროკავშირის დირექტივიდან გამომდინარე მიიღეს, რომლის თანახმადაც, სოციალური ქსელები ვალდებულნი არიან, თავიანთ პლატფორმაზე დაიცვან საავტორო უფლებები.

ანტიმეკობრული ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პროცესი საქართველოში კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს: მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში Google-ის საძიებო სისტემაში მეკობრული ვებგვერდები შეიზღუდოს.

ანტიმეკობრული ცენტრის მიზანია, საქართველოში მოქმედ მეკობრულ ინტერნერნეტრესურსებს სრულად შეუჩერდეს არაკანონიერი გზით მოპოვებული მასალის გავრცელებისა და რეკლამირების შესაძლებლობა, რათა ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაიცვან.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს ამერიკული კინოსტუდიების გაერთიანება MPA-მ ინტერნეტმეკობრეობის გამო საქართველოს სანქციებით დაემუქრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები