“პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობა აკრძალული აქვს სააკაშვილს, მაგრამ, მეორე მხრივ, დეპუტატებისთვის უფლების მიცემა, რომ პატიმარი მოინახულოს, ეს არ არის უფლება, რომლითაც პატიმარი სარგებლობს. პატიმარს კი არ რთავენ ნებას, ნებას რთავენ დეპუტატს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტების კითხვის – დეპუტატებისთვის შესვლის უფლების შეზღუდვით, იზღუდება თუ არა სააკაშვილის უფლებები – საპასუხოდ განაცხადა.
„როდესაც ასეთ პრიზმაში ვსახავთ საკითხს, რომ ეს არის სააკაშვილის უფლების შეზღუდვა, ეს არასწორი და მცდარი მოსაზრებაა. დეპუტატებს რაც შეეხებათ, ამასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული ფორმალური საკითხები გადასაწყვეტი. ყველა გარემოება მხედველობაში მისაღებია და როდესაც რაღაც გადაწყვეტილებაზე დისკუსია მიმდინარეობს, ეს არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, ჩაითვალოს და მოინათლოს როგორც რაღაც წინააღმდეგობის გაწევა და ხელოვნური ბარიერების შექმნა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
სარჯველაძემ ასევე განმარტა, თუ რატომ არ აქვს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკური აქტივობის უფლება:
„ორი მნიშვნელოვანი წინაღობა აქვს ამ შემთხვევაში სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის თვალსაზრისით; პირველი ეს არის მოქალაქეობის საკითხი და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ყველა ცივილიზებული სახელმწიფოს კანონმდებლობით, პრაქტიკულად, ნულამდეა დაყვანილი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობები პოლიტიკურ პროცესში, როგორც აქტიური საარჩევნო უფლების, ისე პასიური საარჩევნო უფლების თვალსაზრისით. მეორე მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც მხედველობაშია მისაღები, ეს არის მისი მსჯავრდებულობა. მსჯავრდებულობა ავტომატურად ყველა უფლებას არ ართმევს პირს პოლიტიკაში მონაწილეობისას, მაგრამ ცალკეული თანამდებობების დაკავების შესაძლებლობას, რასაკვირველია, რომ უზღუდავს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქის” გვერდზე გუშინ მსჯავრდედბული ექსპრეზიდენტის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ის ამბობს, რომ თუ მასთან დეპუტატების შესვლას არ დაუშვებენ, დღეიდან ის უარს განაცხადებს მკურნალობის კურსზე.