„ადამიანის ცხოვრებაზე ძვირფასი არაფერია“ – ეროვნული სასახლის ხელმძღვანელი ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს 

ეროვნული სასახლის ხელმძღვანელი, თიკა რუხაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ აცრა და იმ რეკომენდაციების დაცვა გადაგვარჩენს, რასაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მოგვიწოდებენ.

„თავი რომ გვტკივა, ხომ ვსვამთ წამალს? ასევეა ამ შემთხვევაშიც, არსებობს ვაქცინა, რომელიც გიცავს  არა იმისგან, რომ არ დაგემართოს, არამედ, გართულებებისა და ფატალური შედეგებისგან. მომავალში შესაძლებელია, ამ ვირუსის წინააღმდეგ სხვა სახის მედიკამენტოზური მკურნალობის საშუალებაც გაჩნდეს, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ვაქცინა, პირბადე, დისტანცია და ყველა იმ რეკომენდაციის შესრულება დაგვიცავს, რასაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მოგვიწოდებენ.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ნებაყოფლობითია. ჩვენთანაც, ეროვნულ სასახლეში,  ადმინისტრაციის და პედაგოგიური კოლექტივის დიდი ნაწილი აცრილი ვართ, ნაწილი ონლაინ რეჟიმში მუშაობს. აუცილებელი ტესტირებები დროულად ტარდება და ყველა რეკომენდაციას ვიცავთ”,- ამბობს თიკა რუხაძე.

მისი თქმით, იმისათვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი და გვქონდეს მომავალი, აუცილებელია, ყველა აიცრას.

„თუ გვინდა რომ უკეთესად ვიყოთ, ბედნიერი მომავალი გვქონდეს, საჭიროა ყველა ის პირობა შევასრულოთ, რასაც მსოფლიო აღიარებს. ბევრისგან გამიგია, რომ ჩემი ოჯახის წევრები აიცრნენ, მაგრამ მე ვერ ავიცრებიო. ამ პრინციპით, მაშინ, მეცნიერება და მედიცინა საერთოდ არ უნდა ვაღიაროთ. შესაბამისად, განვითარებაზეც უარი უნდა ვთქვათ.  აუცილებლად მასიურად უნდა ავიცრათ, რადგან არცერთი დასაკარგი ადამიანი არ გვყავს. უნდა გავიაზროთ ყველაფერი. ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადოთ ყველამ. მე ავიცერი და ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ავიღე, ახლა ჯერი თქვენზეა!
ადამიანს ყველაზე მნიშვნელოვანი  აქვს სიცოცხლე, და თუ გვინდა, ვიცხოვროთ თავისუფლად, მაშინ ეს პასუხისმგებლობაც უნდა გავიაზროთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, ერთმანეთზე ვიზრუნოთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ სანამ იმუნიზაცია არ იქნება მასობრივი, პანდემიით მოტანილი პრობლემები ჩვენს ქვეყანაში არ გადაიჭრება.

ვფიქრობ, რომ პირველ რიგში უნდა აიცრან ადამიანები, რომლებიც ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, სატრანსპორტო და მომსახურების სხვა სფეროებში არიან დასაქმებული და მათთვის შესაძლოა ეს სავალდებულოც იყოს.  ადამიანის სიცოცხელეზე ძვირფასი არაფერია. მე, როგორც საზოგადოების ერთ წარმომადგენელს, მინდა ვიცხოვროთ სავსე ცხოვრებით, სამყაროც ვნახოთ, ქვეყანაც განვითარდეს, უფროსი ასაკის ადამიანებიც დიდხანს გვყავდნენ გვერდში და მომავალი თაობის წარმატებებითაც გავიხაროთ. ამიტომ, კიდევ გავიმეორებ –  ვაქცინაციის პროცესში აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს”, – განაცხადა თიკა რუხაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები