ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 5-11 წლის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Pfizer-BioNTech-ში აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებში 90.7%-ით არის ეფექტური. აღნიშნულ მონაცემებს კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს.
Reuters-ი წერს,რომ ვაქცინის გამოყენებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროკომისიამ უნდა მიიღოს, თუმცა, აღნიშნავს, რომ მისი დასტური მარეგულირებლის რეკომენდაციას მოჰყვება ხოლმე.
როგორც ევროკავშირის ჯანდაცვის კომისარმა, სტელა კირიაკიდესმა Twitter-ზე დაწერა, “დღევანდელი რეკომენდაციით აშკარა ხდება, რომ BioNTech/Pfizer-ის ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და შეუძლია მათი დამატებითი დაცვა“.
კვლევის ფარგლებში, Pfizer-მა და BioNTech-მა ორდოზიანი (10 მიკროგრამი) ვაქცინის რეჟიმი გამოსცადეს სამი კვირის ინტერვალით. კვლევის მონაწილეებმა ვაქცინაცია კარგად გადაიტანეს. ვაქცინამ ძლიერი იმუნური პასუხი წარმოქმნა, ხოლო გვერდითი მოვლენები 16-დან 25 წლამდე ასაკის ჯგუფში გვერდითი მოვლენების მსგავსი იყო.
მოზარდებსა და ზრდასრულებში გავრცელებული გვერდითი მოვლენები შემდეგია: დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება და გულისრევა.