მიხეილ სააკაშვილი: ვინ მოკლა ნუგზარ ფუტკარაძე – ზუსტად იმ ხალხმა, ვინც დაამარცხა “ვარდების რევოლუციამ”
პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეს ეხმაურება.
“ნუგზარ ფუტკარაძემ სიცოცხლე გაწირა პრინციპებისა და ქვეყნისთვის! “ნაციონალური მოძრაობის” არცერთი წევრი არ გაიყიდა!
ვინ მოკლა ნუგზარ ფუტკარაძე – ზუსტად იმ ხალხმა, ვინც დაამარცხა “ვარდების რევოლუციამ”. ის, ვინც ანადგურებდა მანამდე და ანადგურებს ახლა ეროვნულ დოვლათს და თითოეულ ოჯახს ძარცვავს.
ჩვენ ერთად უნდა მოვუღოთ ბოლო ამ ყველაფერს!”, – წერია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე ვრცელდება.
ცნობისთვის, გუშინ, ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა – გიორგი კირთაძემ თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრ ნუგზარ ფუტკარაძეზე ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა. მან მტკიცებულებად ჩანაწერებიც გამოაქვეყნა.
კირთაძემ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს “ქართულ ოცნებაში” გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს. კირთაძის განცხადებით, ფუტკარაძემ ჩანაწერების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეხვედრები გაუსაძლის ხასიათს იღებდა.