ადვოკატი გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალებას უყურადღებობას უკავშირებს
გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის, უკრაინის მოქალაქის, ეგორ გრეგენკოს ადვოკატი, ჯაბა კოჭლამაზიშვილი ვარაუდობს, რომ მისი დაცვისქვეშ მყოფის გარდაცვალება უყურადღებობამ გამოიწვია.
მისივე თქმით, გრეგენკოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
“როგორც კი მითხრეს, რომ გარდაიცვალა, ციხესთან ვიყავი ისედაც და არ შემიშვეს. ამ წუთებში ადამიანი გადმოსვენებულია სამხარაულში და აქ ვარ. ვითხოვ ამ საქმეში ჩართულობას და რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოწოდებას. როგორც ჩემთვის ცნობილია, არცერთ პატიმართან არ ჰქონდა დაპირისპირება, იგი უჩიოდა ჯანმრთელობის პრობლემებს. ჩემი აზრით, უყურადღებობის გამო რაღაც მოუვიდა, რამაც გამოიწვია აღნიშნული”, – აცხადებს ჯაბა კოჭლამაზიშვილი.
მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე დაიწყო.