“კოვიდგატანილი მოქალაქეებისთვის “მწვანე სტატუსის” მინიჭების გადაწყვეტილება გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლოა, გადაიხედოს”
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით ცენტრის პოზიცია კოვიდგადატანილი მოქალაქეებისთვის “მწვანე სტატუსის” მინიჭებაზე სხვა იყო, თუმცა, საკოორდინაციო საბჭომ ხმათა უმრავლესობით სხვა გადაწყვეტილება მიიღო.
მისი თქმით, გარკვეული პერიოდი დააკვირდებიან და შემდგომ, თუ საჭირო გახდება, გადაწყვეტილება გადაიხედება.
„თქვენ მეკითხებით გადატანის შემთხვევაზე ჩვენი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის პოზიცია იყო სხვა, საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება. გარკვეული პერიოდით, ვნახოთ, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება, გადაიხედოს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, “მწვანე პასპორტი” მოიცავს ოთხ ინდიკატორს, ესენია: ორჯერადი აცრა, ინფექციის გადატანა, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტი და ბოლო 24 საათში ჩატარებული ანტიგენის სწრაფი ტესტი.