დავით სონღულაშვილი: ახლა სწრაფი ნაბიჯებისა და ეფექტური ქმედებების დროა
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – დავით სონღულაშვილი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით მთავრობის მიერ დაგეგმილ ინიციატივებს გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, „ახლა ჩვენ ყველა ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ პოსტსაარჩევნო რეჟიმიდან საქმიანობის ჩვეულებრივ რიტმზე და გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი რეფორმებისა და პოზიტიური ცვლილების პროცესი, რათა, ერთის მხრივ, ეფექტიანად ვმართოთ კოვიდ-19-ის პანდემია და, მეორეს მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და შესაბამის ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. ახლა სწრაფი ნაბიჯების და ეფექტური ქმედებების დროა, რომელიც თან საკმაოდ შეზღუდულიცაა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის მიერ გახმოვანებული ინიციატივები და გეგმები, რომლებიც სოციალური პოლიტიკის გაჯანსაღებასა და ზოგადად, ეკონომიკური განვითარების მიმართულებებს მოიცავდა, ძალზედ მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია.”
დავით სონღულაშვილმა სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით ხაზი გაუსვა გრძელვადიან შედეგებსა და მდგრად განვითარებაზე ორიენტაციას. „პირველ რიგში, მინდა მოვიწონო და მხარი დავუჭირო პარადიგმის ცვლილება, რაც სოციალური პოლიტიკის ცხოვრებაში განხორციელების 360 გრადუსით შემოტრიალებას გულისხმობს. ერთი შეხედვით მარტივია იმის თქმა, რომ სოციალური დახმარება უნდა ჩანაცვლდეს დასაქმებით. ყველასთვის ნათელია, რომ სწორედ ეს სჭირდება მოსახლეობასაც და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასაც. ჩვენ, ხელისუფლებამ, ასევე მოსახლეობამ, სამოქალაქო სექტორმა, ბიზნესმა და პოლიტიკურმა მოთამაშეებმაც ნელ-ნელა უნდა ვისწავლოთ გრძელვადიან შედეგებსა და მდგრად განვითარებაზე ორიენტაცია.
უნდა დასრულდეს პოლიტიკური პოპულიზმის და გაჭირვებული მოსახლეობის მდგომარეობით მანიპულაცია, რაც ხშირად სოციალური დახმარების მუდმივი ზრდის დაპირებებსაც მოიცავს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს მიდგომა სწორი და დროულია, თუმცა ამ მიმართულების რეალიზაცია იქნება რთული და აქ საჭირო იქნება მთავრობის ეფექტური მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ბატონი ლევან დავითაშვილის ჯგუფი გაართმევს ამ ამოცანას თავს და ჩვენი კომიტეტიც აქტიურად იქნება ჩართული პროცესში,” – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.