“თავისუფლება!” – პრაღაში არავაქცინირებულთათვის ახალი შეზღუდვები გააპროტესტეს
პრაღაში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მთავრობის ახალი გადაწყვეტილებები გააპროტესტა, რომლებიც არავაქცინირებულ მოქალაქეებს შეეხება.
ამის შესახებ სააგენტო AR წერს.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ “თავისუფლებას!” არავაქცინირებულთათვის. მათ ხელში ეჭირათ პოლიტიკოსების პლაკატები, კერძოდ, ქვეყნის პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშის, ჯანდაცვის მინისტრ ადამ ვოიტეჩისა და წამყვანი ეპიდემიოლოგების და მათ “მოღალატეებს” უწოდებდნენ.
უქმეებზე ნიდერლანდებსა და ბრიუსელში გამართული აქციებისგან განსხვავებით, პრაღის დემონსტრაცია მშვიდობიანი იყო. ამასთან, ქუჩაში გასული ადამიანების რაოდენობა გასულ კვირასთან შედარებით ნაკლები იყო.
ჩეხეთში ახალი შეზღუდვები 22 ნოემბერს ამოქმედდა და არავაქცინირებულ მოქალაქეებზე ვრცელდება. ამ ადამიანებისთვის არასაკმარისია საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, ბარებსა და რესტორნებში, სალონებსა და მუზეუმებში კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის პასუხის წარდგენა.