ავსტრიის იმუნიზაციის ცენტრებში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამ 20 პროცენტით მოიმატა

ავსტრიის ყველაზე დიდი, იმუნიზაციის ცენტრი ვაქცინაციის გაკეთების მსურველებს ვეღარ იტევს. იმუნიზაციის მსურველთა რიგები შენობის შესასვლელიდან იწყება. ცენტრის წარმომადგენლის განცხადებთ, მნიშვნელოვნადაა მომატებული იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობა მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავრობამ ახალი კოვიდრეგულაციები აამოქმედა, რომლის მიხედვითაც ავსტრიის მოქალაქეები ვალდებულნი არიან, იმუნიზაცია თებერვლამდე ჩაიტარონ.

„ფიქსირდება იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. დაახლოებით, 20 პროცენტითაა მომატებული იმ პირების რიცხვი, რომლებიც პირველად იცრებიან“, – განაცხადა იმუნიზაციის ცენტრის ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელმა – ბერნარდ შვარცმა და იქვე დაამატა, რომ მსურველთა რაოდენობის ზრდა, სავარაუდოდ, მთავრობის მიერ დაწესებულმა „ლოკდაუნმა“ და იმუნიზაციის ჩატარების მოთხოვნამ განაპირობა.
ასევე, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ვოლფგანგ მუკსტეინმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა ქვეყანაში ამოქმედებულ შეზღუდვებზე და განმარტა, რომ, „ლოკდაუნის“ მოხსნის შემთხვევაშიც კი, თავისუფალი გადაადგილების უფლება მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს ექნებათ და რომ „ლოკდაუნი“ არავაქცინირებულებისთვის კვლავ ძალაში დარჩება.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიაში სრული „ლოკდაუნი“ მიმდინარე კვირის ორშაბათს ამოქმედდა, რის გამოც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა აგორდა, შეზღუდვებით უკმაყოფილო მოსახლეობა გარეთ გამოვიდა და მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტა.

წყარო: https://edition.cnn.com/world/live-news/covid-news-live-11-22-2021-intl/index.html

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები