ერევანი მოსკოვს სთხოვს, გახდეს შუამავალი ანაკარასთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში
ერევანი მოსკოვს სთხოვს, გახდეს შუამავალი სომხეთ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზებაში.
ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” სომხურ რედაქციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ვაჰან უნანიანმა განუცხადა.
მისი თქმით, სომხეთის არაერთმა პარტნიორმა, მათ შორის, რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა, იმოქმედოს, როგორც შუამავალმა სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზების საკითხში. სომხურმა მხარემ კი კრემლს მიმართა.
„არაერთმა საერთაშორისო პარტნიორმა, მათ შორის, რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს და ჩვენ ვაცნობეთ რუსეთს, რომ მზად ვართ, დავიწყოთ სომხურ-თურქული ნორმალიზაციის პროცესი წინაპირობების გარეშე. როდის და თუ დაიწყება ასეთი პროცესი, ბუნებრივია, ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა უნანიანმა.
ყარაბაღის 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ, მიმდინარე წლის აგვისტოდან მოყოლებული, სომხეთის პრემიერმინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა რამდენიმე განცხადება გააკეთეს, მეორე მხრიდან დადებითი გზავნილების მიღების შესახებ.
სექტემბერში თურქეთის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეშვეობით შესთავაზა შეხვედრა, მაგრამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, იმისთვის, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს, საჭიროა, ერევანმა მკაფიო ნაბიჯები გადადგას “ზანგეზურის დერეფნის” მიმართულებით.
ერევანმა ერდოღანს უპასუხა, რომ სომხური მხარისთვის დერეფნის ლოგიკა მიუღებელია, მაგრამ ერევანი მზად არის ანკარასთან კომუნიკაციისთვის.