სკანდალის დასასრული: ბულგარეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ყირიმი უკრაინას ეკუთვნის
ბულგარეთის პრეზიდენტის, რუმენ რადევის პრესსამსახურმა სატელევიზიო დებატების დროს მის მიერ ყირიმის მფლობელობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება განმარტა.
გასულ კვირას რადევმა თავის მეტოქესთან საარჩევნო დებატის დროს თქვა, რომ “ყირიმი ამჟამად რუსეთის არის”, ხოლო ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ შემოღებული სანქციები – არაეფექტური.
ამის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში კიევში ბულგარეთის ელჩი დაიბარეს, სადაც განუმარტეს, რომ ბულგარეთის პრეზიდენტის სიტყვები არ უწყობს ხელს უკრაინასა და ბულგარეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას და მკვეთრად ეწინააღმდეგება სოფიას ოფიციალურ პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინის პირველმა დიპლომატმა, დიმიტრი კლებამ კი თქვა, რომ რადევის ამ სიტყვებმა ბულგარეთ-უკრაინის ურთიერთობას დარტყმა მიაყენა.
რუმენ რადევის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სამართლებრივი თვალსაზრისით ყირიმი ეკუთვნის უკრაინას და მისი ანექსია არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას. ბულგარეთმა არაერთხელ გამოხატა უკრაინის მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა რადევმა აღნიშნა, საარჩევნო დებატებში “ამ დროისთვის” ყირიმი რუსეთის კონტროლს ექვემდებარება და აშკარაა, რომ პრობლემა ძალით ვერ გადაიჭრება”.