Javelin, Stinger – უკრაინაში რუსეთის მორიგი შეჭრის საფრთხის ფონზე, აშშ დამატებითი იარაღის გაგზავნას განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, რუსეთის მორიგი შეჭრის საფრთხის ფონზე, უკრაინაში სამხედრო მრჩევლებისა და დამატებითი იარაღის გაგზავნას განიხილავს.
ამის შესახებ CNN წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
აღინიშნება, რომ თეთრი სახლი და კონგრესი სერიოზულად ეკიდებიან შესაძლო ახალ შეჭრას და მზაობას გამოთქვამენ, მომზადებულნი იყვნენ რუსეთის სამხედრო ოპერაციის შემთხვევისთვის, 2014 წლისგან განსხვავებით, როდესაც ყირიმის ოკუპაცია მოხდა და დონბასში ომი დაიწყო.
CNN-ის ინფორმაციით, უკრაინის დახმარების ახალ პაკეტში შესაძლოა, იყოს ტანკსაწინააღმდეგო სისტემები Javelin-ი, Stinger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები და ნაღმტყორცნები. ასევე, შეერთებული შტატები განიხილავს სამხედრო მრჩევლებისა და იარაღის გაგზავნის შესაძლებლობას, რომელიც ვაშინგტონმა ავღანეთისთვის შეიძინა, კერძოდ, ვერტმფრენები Mi-17.
ამავდროულად, თეთრ სახლში ზოგიერთი ადამიანი შიშობს, რომ უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდება, როგორიცაა Stinger-ი, შესაძლოა, რუსეთის მიერ ესკალაციად იყოს შეფასებული.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები აწარმოებს მოლაპარაკებებს თავის ევროპელ მოკავშირეებთან, რომ შემუშავდეს სანქციების ახალი პაკეტი უკრაინაში რუსეთის ახალი შეჭრის შემთხვევაში.
გარდა ამისა, აშშ-ის სენატში დარეგისტრირდა 2022 წლის სახელმწიფო თავდაცვის კანონში ცვლილება, რომელიც ავალდებულებს ბაიდენს, სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ახალი სანქციები შემოიღოს კრემლის უმაღლესი თანამდებობის პირებისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ.
იგივე ცვლილება ითვალისწინებს ახალ სანქციებს “ჩრდილოეთ ნაკად2-ის” წინააღმდეგ.