ბუქარესტის ჰოსპიტლის მორგში გვამებს ვეღარ იღებენ – ურიკების მარაგი ამოწურულია

ბუქარესტის მთავარი საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მორგში გარდაცვლილთა გვამებს ვეღარ იღებენ, რადგან დაწესებულებას გარდაცვლილთა მოსათავსებელი თავისუფალი ურიკების მარაგი ამოეწურა. აღნიშნულის შესახებ „სი-ენ-ენს“ ბუქარესტის მთავარ ჰოსპიტალში განუმარტეს.

„როდესაც აქ მუშაობას ვიწყებდი, არ მეგონა, თუ მსგავს სურათს ოდესმე ვნახავდი“, – განაცხადა ჰოსპიტლის წარმომადგენელმა ჟურნალისტთან საუბარში.

ცნობილია, რომ ჰოსპიტალში, რომლის ყველა სართულიც კოვიდპაციენტებს ეთმობა, მხოლოდ ერთი თავისუფალი ადგილია დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთი ევროპის ქვეყნებს შორის ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა, სადაც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ მოსახლეობის მხოლოდ 35%-ია ვაქცინირებული. სახელმწიფოს მიერ ინიცირებული კამპანიის დაწყებისას, იმუნიზაციის პროგრამა თითქოს სწრაფი ტემპებით დაიწყო, თუმცა, მალევე თითქმის გაჩერდა.

მთავრობისა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის, იმუნიზაციისადმი მთავრობის წევრების ღიად გამოხატულმა ნეგატიურმა დამოკიდებულებამ, რელიგიურმა მრწამსმა და ინფორმაციის ნაკლებობამ.
მედიკოსების განცხადებით, რუმინეთში მოქალაქეების უმეტესობა ღრმად მორწმუნეა, ეკლესიის მმართველ წრეებში კი თითზე ჩამოსათვლელი სასულიერო პირები მოიძებნებიან, ვინც მხარს უჭერს იმუნიზაციას.
„ბევრი მათგანი ანტივაქსერია, უმრავლესობა კი საერთოდ ცდილობს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ღიად არ ისაუბროს და ჩუმად იყოს“, – აღნიშნა ბუქარესტის საუნივერსიტეტო კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმა.

წყარო: https://edition.cnn.com/2021/11/22/europe/romania-covid-19-vaccine-skepticism-intl-cmd/index.html

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები