“რუსეთის მიმართ ზედმეტი სიმპათიით” განწყობილი, რუმენ რადევი ბულგარეთის პრეზიდენტი მეორედ გახდა

ბულგარეთის მოქმედმა პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად ხმების 66,69% მიიღო და პოსტსზე კიდევ 5 წლით დარჩება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ცესკო-მ ოქმების 99,7% უკვე დათვალა.
მის ოპონენტს, სოფიას უნივერსიტეტის რექტორს, ანასტას გერჯიკოვს მხარი არჩევნებში მისული მოსახლეობის 31,83%-მა დაუჭირა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს გერჯიკოვი მოქმედ პრეზიდენტს ბრალს რუსეთისადმი “ზედმეტ სიმპათიაში” სდებდა.

რადევი სკანდალშიც გაეხვა. გასულ კვირას სატელევიზიო დებატების დროს მან თქვა, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა და რომ ევროკავშირის ანტირუსული სანქციები არაეფექტურია.
მისი ამ განცხადების გამო, უკრაინის საგარეო უწყებაში ქვეყანაში ბულგარეთის ელჩი, კოსტადინ კოჯაბაშევი დაიბარეს, თუმცა, ამის შემდეგაც რადევმა სიტყვები გაიმეორა, მაგრამ აღიარა, რომ ანექსია საერთაშორისო ნორმების დარღვევას წარმოადგენს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ თქვა, რომ რადევის ამ სიტყვებმა ბულგარეთ-უკრაინის ურთიერთობას დარტყმა მიაყენა.

ცნობისთვის, რუმენ რადევმა 2016 წელს, არჩევნებში გამარჯვებისთანავე, გამოაცხადა, რომ იმუშავებდა ევროკავშირთან, რათა მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააუქმოს. მანამდე, ის ამბობდა, რომ ყირიმი დე-იურე უკრაინის არის, მაგრამ დე ფაქტო რუსეთისაა და რომ რუსეთი არ არის ბულგარეთის მტერი.
თუმცა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პირველ პრესკონფერენციაზე რადევმა უარყო მტკიცებულება მისი „პრორუსულობის“ შესახებ და თქვა: „მე ვარ ნატო-ელი გენერალი, მე ვარ პირველი ბულგარელი, რომელმაც დაამთავრა საჰაერო ძალების აკადემია შეერთებულ შტატებში და მე დავიცავ ჩვენს ევროატლანტიკურ წევრობას კიდევ უფრო აქტიური საშუალებებით, ვიდრე – ახლა“.

პრეზიდენტის ფიცის შემდეგ, სახალხო კრებაში სიტყვით გამოსვლისას რადევმა რუსეთთან დიალოგის აღდგენის იმედი გამოთქვა. ნატო-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებში არსებული კრიზისის დაძლევის პერსპექტივა მან დაუკავშირა შეერთებული შტატების არჩევნებსა და მსოფლიოში ახალ პოლიტიკურ ვითარებას.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილემ 2017 წლის 4 მარტს ბულგარეთში ვიზიტის დროს, რადევზე თქვა, რომ მან „კარგი შთაბეჭდილება მოახდინა“: „ინტელექტუალური, მართლმადიდებელი ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო, მეჩვენება, რომ ღიაა დიალოგისა და რუსეთთან ურთიერთობისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები