“ელვის სისწრაფით ვრცელდება” – საფრანგეთში კორონავირუსის მეხუთე ტალღაა
საფრანგეთში კოროვირუსის გავრცელების მეხუთე ტალღა ელვის სისწრაფით იწყება, – იტყობინება Le Figaro ქვეყნის მთავრობის სპიკერზე, გაბრიელ ატტალზე დაყრდნობით.
ატტალის თქმით, დღეისათვის ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვის ყოველკვირეული ზრდა, თითქმის, 80%-ს აღწევს, ხოლო 100 ათას მოსახლეზე შემთხვევათა რიცხვი ერთ კვირაზე ნაკლებ დროში 100-დან 164-მდე გაიზარდა. მისი თქმით, 13 ნოემბერს საფრანგეთში ერთ დღეში 9 458 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო უკვე 20 ნოემბერს – 17 153. ეს ზრდა მიუთითებს პანდემიის ახალი ტალღის სწრაფ განვითარებაზე.
ამავდროულად, მთავრობის წარმომადგენელმა გაიხსენა, რომ საფრანგეთს აქვს მოსახლეობის „ძალიან ფართო მოცვა“ ვაქცინაციებით და რევაქცინაცია უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე – მეზობელ ქვეყნებში.
მიუხედავად ამისა, ქვეყანაში გამკაცრდება კონტროლი „სანიტარული საშვის“ – ვაქცინაციის ან გადატანილი ავადმყოფობის სერტიფიკატების გამოყენებაზე.
Le Figaro აღნიშნავს, რომ აგვისტოს დასაწყისიდან საფრანგეთში “სანიტარული საშვები” სავალდებულო გახდა. ისინი საჭიროა სავაჭრო ცენტრების, კაფეებისა თუ რესტორნების, მუზეუმების, გასართობი პარკებისა და კინოთეატრების მოსანახულებლად.