მედია ევროპის სამ წერტილს ასახელებს, სადაც დიდი ომის დაწყებაა მოსალოდნელი
პოლონეთისა და ბელორუსის საზღვარზე, სადაც ათასობით ლტოლვილია თავმოყრილი ერაყის ქურთისტანიდან, რუსეთისა და უკრაინის საზღვარზე, ასევე, ბოსნია და ჰერცეგოვინაში დიდი ომის დაწყებაა შესაძლებელი.
ამის შესახებ ფრანგული გაზეთი – Ouest-France წერს.
სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ბელორუსის საზღვარზე შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების მიზეზი შეიძლება, გახდეს პოლონელ, ლიეტუველ, ლატვიელ ან ბელორუს სამხედროებს შორის შემთხვევითი ინციდენტი.
აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, რუსეთმა შესაძლოა, მხარი დაუჭიროს დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღირებულ ე.წ. რესპუბლიკებს. ამასთან, გაზეთის მიმომხილველის აზრით, რუსული არმია შეეცდება, შექმნას ბუფერული ზონა დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის დასაცავად, რომელიც გადაჭიმული იქნება ოდესამდე და დნესტრისპირეთამდე.
რაც შეეხება ბოსნიასა და ჰერცეგოვინას, აქ ნაპერწკლის როლი შესაძლოა, შეასრულოს ნაციონალისტურმა განწყობებმა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში.
Ouest-France წერს, რომ ამჟამად სამი პოტენციური „ცხელი წერტილიდან“ მინიმუმ ორის მიმართ არის მიპყრობილი ევროკავშირის, აშშ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკოსებისა და სამხედროების ყურადღება.
ასევე, ინტერესთა შეჯახება ხდება ეკონომიკური სანქციების საბაბი. მაგალითად, ევროკავშირმა უკვე გამოაცხადა სანქციები ბელორუსის წინააღმდეგ, რომელიც საზღვარზე მიგრაციული კრიზისის პროვოცირებას ახდენს და რუსეთს უკრაინაში აგრესიული ქმედებების შემთხვევაში ყველაზე მკაცრ სანქციებს ჰპირდება.