ავსტრიამ 12 დეკემბრამდე სრული „ლოკდაუნი“ გამოაცხადა
ავსტრიაში დღეიდან ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, „კოვიდ-19“-ის გავრცელების შესამცირებლად, სრული „ლოკდაუნი“ ამოქმედდა.
გუშინ, ღამის 12 საათიდან ყველა მოქალაქესა და რეზიდენტს აეკრძალა გარეთ გასვლა, თუ ეს არ უკავშირდება პირველადი მოხმარების ნივთებისა და საკვების შეძენას. დახურულია ყველა ობიექტი და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. მომხმარებლისთვის იმუშავებს მხოლოდ ჰიპერმარკეტები და სამკურნალო დაწესებულებები, ყველა სხვა დაწესებულება და ორგანიზაცია დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ქვეყანაში საპროტესტო ტალღის აგორება გამოიწვია. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა არა მხოლოდ ავსტრიაში, არამედ – დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც. გერმანიასა და ნიდერლანდებში პოლიციას აგრესიულ მოქალაქეებთან გამკლავება წყლის ჭავლითა და სხვა სპეციალური საშუალებებით უწევს – მაშინ, როდესაც ყოველდღიურად ცენტრალური ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში კოვიდინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება.
გასულ კვირას ავსტრია ევროპაში პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც „კოვიდ-19“-ის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა მოქალაქეებისთვის და მათ ვადა მომავალი წლის თებერვლამდე მისცა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრია „ლოკდაუნს“ გლობალური პანდემიის დაწყებიდან უკვე მეოთხედ აცხადებს.
20 დღის განმავლობაში ქვეყანაში დაიხურება: რესტორნები, ბარები, სილამაზის სალონები, თეატრები, არაპირველადი მოხმარების საცალო ვაჭრობის ობიექტები და სხვა დაწესებულებები.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ვოლფგანგ მიუკსტაინის განცხადებით,- „ლოკდაუნი“ ყველაზე ეფექტური მეთოდია ქვეყანაში კოვიდინფექციის გავრცელების შესაჩერებლად“.
ავსტრიაში „ლოკდაუნი“ მიმდინარე წლის 12 დეკემბრამდე გაგრძელდება. მთავრობის განცხადებით, „ლოკდაუნის“ ამოქმედებიდან 10 დღეში მთავრობა შეძლებს, გადახედოს ამოქმედებულ შეზღუდვებს, შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.
წყარო: https://www.bbc.com/news/world-europe-59369488