ქეთი კოვზიაშვილი: სასამართლომ ნათლად და ცალსახად დაადასტურა, რომ ფოთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაურის გელა კვაშილავას ღირსება შეილახა TV პირველის გავრცელებული ცრუ ინფორმაციით

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ქეთი კოვზიაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ტელეკომპანია “ტვ პირველს” საპატრულო პოლიციის თანამშრომლისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაევალა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
კოვზიაშვილის განცხადებით, სასამართლომ ცალსახად დაადასტურა, რომ ფოთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაურის გელა კვაშილავას ღირსება შეილახა TV პირველის გავრცელებული ცრუ ინფორმაციით.

“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ პრეცედენტულ გადაწყვეტილებას. სასამართლოს გადაწყვეტილება ვრცელია, მაგრამ მთავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ სიმართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

სასამართლომ ნათლად და ცალსახად დაადასტურა, რომ ფოთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაურის გელა კვაშილავას ღირსება შეილახა TV პირველის გავრცელებული ცრუ ინფორმაციით.
რამდენიმეთვიანი სასამართლო განხილვების დროს, სამწუხაროდ, ჩემი კოლეგების მხრიდან გაგრძელდა ცილისმწამებლური რიტორიკა, მათ შორის ჩემს მიმართაც – აბსოლუტურად დაუმსახურებელი და უბრალოდ ჩემთვის ადამიანურად ძალიან გულდასაწყვეტი.

პოლიციის დაკნინება, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიჯის შელახვა და საზოგადოებაში ამ უწყების მიმართ ნდობის შესუსტება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მიზანმიმართულად ხდება და თითქოს სახელმწიფოს დასუსტების, საერთო სცენარის ნაწილია.

მაგრამ, არც ერთი ჩვენგანი არ არის სიმართლის გზაზე მარტო. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და ამ ბრძოლაში ჩვენი იარაღი არის და იქნება სიმართლე.
მადლობა პირველ რიგში გელას, რომელიც დარწმუნებული იყო მის სიმართლეში და მადლობა შენ Nino Giorgobiani “,-წერს ქეთი კოვზიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები