გიორგი ლობჟანიძე ირანის უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოთი – შაჰრიარის სამეცნიერო და კულტურული მედლით დაჯილდოვდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ლობჟანიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოთი – შაჰრიარის სამეცნიერო და კულტურული მედლით დაჯილდოვდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, გიორგი ლობჟანიძეს ეს ჯილდო ჯალალ ედ-დინ რუმის ქართული თარგმანისა და კომენტარებისათვის გადაეცა.
შაჰრიარის მედალს გასცემს თავრიზის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო რეგიონისა და მსოფლიოს იმ მკვლევართათვის, ვისაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ირანისტიკის განვითარებაში.
დაჯილდოება წელს მეექვსედ გაიმართა. გიორგი ლობჟანიძემდე კი, სხვადასხვა წელს, ეს მედალი მიიღეს სხვა ქართველმა ირანისტებმა: თსუ ირანისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, თეა შურღაიამ, პროფესორმა ნომადი ბართაიამ და დოქტორმა მაია სახოკიამ.