ამირან გამყრელიძე: 500 სრულად აცრილი ადამიანი უდრის 1 გადარჩენილ სიცოცხლეს

500 სრულად აცრილი ადამიანი უდრის 1 გადარჩენილ სიცოცხლეს, ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ ყველას, აიცრათ, –  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე რეგულაციების დაცვისა და იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებისკენ მოსახლოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

“რეგულაციებში ყველაზე მნიშვნელოვანია პირბადის ტარება ყველგან, ღია და დახურულ სივრცეებში. სამწუხაროდ, პირბადის ტარების მაჩვენებელი 37 პროცენტზეა ჩამოსული. ჩვენ ხშირად ვიმეორებთ, რომ პირბადე უნდა ვატაროთ, დიახ, ის იცავს ინფექციის გავრცელებისგან და აუცილებელია, ყველამ ვატაროთ. თუ 90 პროცენტზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, პირველ იანვრამდე შეიძლევა 200 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შევძლოთ. იგივე თუ ყველა ავიცრებით და აცრის მაჩვენებელს გავზრდით, სერიოზულად შევაკავებთ ეპიდემიის გავრცელებას. 500 სრულად აცრილი ადამიანი უდრის 1 გადარჩენილ სიცოცხლეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ, ყველას აიცრათ”,- აცხადებს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის ტემპის ზრდის ტენდენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულწილად პროცესის გააქტიურებას მთავრობის წამახალისებელმა პროგრამებმა შეუწყო. ამის დასტურია 60 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯფუფის გააქტიურება. გამყრელიძის თქმით, ამ ასაკის მოსახლეობაში მოიმატა პირველადმა აცრებმა და აცრილთა საერთო რაოდენობაში 50%-ს გადააჭარბა.

“ბოლო დღეებში ოდნავ გაზრდილია ყოველდღიურად აცრილების რაოდენობა. დღესაც იყო დაახლოებით, 7300-ის ფარგლებში აცრები. აქედან ვადასტურებ, რომ გაზრდილია პირველი დოზები. გარკვეულწილად ამ წამახალისებელმა ინიციატივებმა როგორც ჩანს, იმუშავა და ველით, რომ უფრო აქტიურად იქნება ეს. პირველადი აცრები საერთო აცრებში 60 პროცენტამდე არის ასული. პირველ აცრილებში მოიმატა 50 პროცენტს გადასცილდა 60 წელზე მეტი ასაკის მოსახლოების წილი. ანუ ეს წახალისება, რომელიც დაწესდა სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულად მუშაობს, მაგრამ უფრო აქტიურად არის საჭირო ამ ადამიანების ჩართვა აცრებში. ამისთვის კეთდება ყველაფერი, სოფლებში კარდაკარ შემოვლა, ადგილობრივი ხელისუფლება კიდევ უფრო გააქტიურდა. ხდება სოფლის ექიმების მეტი ჩართულობა, მათი მუდმივი გადამზადება, მარათონის გაფართოება მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიდ ქალაქებში, ყველა მუნიციპალიტეტში და იმედი გვაქვს, რომ უნდა მოიმატოს აცრების რაოდენობამ. სასურველია, რომ ნოემბერში და დეკემბერში ჩვენ სულ მცირე 20-25 ათასი მაინც გვქონდეს, რომ ქვეყანაში შეიქმნას უფრო ფართო კოლექტიური იმუნიტეტი.

ხაზს ვუსვამ აცრების გარეშე ჩვენ პანდემიას ვერ შევაჩერებთ და გარკვეული პერიოდულობით, ყოველ ორ თვეში გვექნება ტალღები ასეთ მაღალ ნიშნულზე, რომელიც, სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში დასრულდება ფატალურად”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები