ზაალ უდუმაშვილი: პრეზიდენტს არ ეყო გამბედაობა, ღიად მოეწოდებინა ხელისუფლებისთვის, რომ სააკაშვილი შესაბამის კლინიკაში გადაეყვანათ

“სამწუხაროდ, პრეზიდენტს არ ეყო გამბედაობა, ღიად მოეწოდებინა ხელისუფლებისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაეყვანათ შესაბამის კლინიკაში”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილისგან უფრო მკვეთრ პოზიციას ელოდა.

„ასე ნახევრად ნათქვამი არასოდეს აღიქმება, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პირის პოზიცია. ნახევარი სიმართლითაც რთულია შესაბამისი აზრი გამოიტანო. ველოდებოდი უფრო მკვეთრ პოზიციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. იუსტიციის სამინისტროს გავრცელებულ კადრებში ბადრაგი პრეზიდენტის ღირსების შელახვას ცდილობდა. რაც შეეხება რისკებს, იქნებ დაასახელონ რა რისკებთან არის დაკავშირებული პრეზიდენტის გადაყვანა კლინიკაში. როდესაც რისკის ქვეშ დგას პრეზიდენტის სიცოცხლე, ვერ წარმომიდგენია, სხვა რა რისკი უნდა იყოს ამაზე მაღალი, როდესაც ხელისუფლებას საშუალება და შესაძლებლობა აქვს, რომ გადაარჩინოს პრეზიდენტი და ის ამას არ აკეთებს. ვიდრე ასეთ განცხადებებს გავაკეთებთ, რისკები ერთმანეთს შევადაროთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე აღნიშნა: „თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევათ რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები