ივანე ჩხაიძე: ჩვენი მოლოდინი, რომ ინფიცირების მაჩვენებელი თანდათან შემცირდებოდა, ისევ მოლოდინად რჩება

“დეკემბერ-იანვარი ძალიან საგანგაშო და მნიშვნელოვანი პერიოდია როგორც პანდემიის მიმდინარეობის, ისე, გრიპის შემთხვევების მატების თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ, პანდემიის თვალსაზრისით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების კლების და ვაქცინაციის მაჩვენებლის მიხედვით, ჯერჯერობით, ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება რთულია”, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ორი ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვენციის – 60 წელს გადაცილებულთა ფინანსურ დაინტერესებისა და მწვანე პასპორტების იდეის ამოქმედების შემდეგ, ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მაინც არ იცვლება.

„პრაქტიკულად, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა, რაც ძალიან ცუდია, რადგან ჩვენი მოლოდინი, რომ ინფიცირების მაჩვენებელი თანდათან შემცირდებოდა, ჯერჯერობით, მოლოდინად რჩება. ჩვენი სურვილი, რომ ორი მნიშვნელოვანი ინტერვენციის შემდეგ, რაც გულისხმობს 60 წელს გადაცილებულთა ფინანსურ დაინტერესებასა და ე.წ.  მწვანე პასპორტების იდეის ამოქმედებას, მნიშვნელოვნად გაზრდილიყო ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა, ჯერჯერობით, უცვლელი რჩება.

ნოემბრის ბოლო, დეკემბრის დასაწყისი არის სწორედ ის თვეები ქვეყანაში, როდესაც პირველად გამოჩნდება გრიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რაც ნიშნავს, რომ დაიწყება გრიპის შემთხვევების მატების პერიოდი, რომელიც დეკემბერ-იანვარში მიაღწევს პიკს. ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაფრთხილება მიღებული გვაქვს. ყველა ქვეყანას აქვს მიღებული გაფრთხილება, რომ წელს გრიპი იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე ეს იყო 2020 წელს. იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც აქვთ გარკვეული იმუნიტეტი გრიპის მიმართ, ასევე ძალიან დაბალი იქნება. ამიტომ დეკემბერ-იანვარი ძალიან საგანგაშო და მნიშვნელოვანი პერიოდია როგორც პანდემიის მიმდინარეობის, ისე გრიპის შემთხვევების მატების თვალსაზრისით. შეიძლება, ითქვას, რომ პანდემიის თვალსაზრისით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების კლების და ვაქცინაციის მაჩვენებლის მიხედვით, ჯერჯერობით ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება რთულია.

გრიპის სეზონისთვის მზადება წელს უნდა იყოს გაცილებით აქტიური, ვიდრე იყო შარშან. შარშან ჩვენ ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი გვქონდა გრიპით ინფიცირების წინააღმდეგ. ეს იყო ნიღბები, ლოკდაუნი, შეზღუდვები, კომენდანტის საათი, ყველაფერი, რაც მოქმედებდა კორონავირუსის წინააღმდეგ, მოქმედებდა გრიპის წინააღმდეგ. დღეს არც ერთი არ გვაქვს. არ არის ლოკდაუნი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივად მუშაობს, ნიღბის ტარების მაჩვენებელი 30%-ზეა ჩამოსული. ასე რომ, რისკი იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ გრიპით ინფიცირების ჩვეულებრივი, სტანდარტული ციფრი, რაც იყო 2019 წელს, არის ძალიან მაღალი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები