რატომ არის მნიშვნელოვანი მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება – საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, გელა კვაშილავას განმარტება
ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაერო-ს ექსპერტის, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარის, გელა კვაშილავას განცხადებით, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება საგზაო უსაფრთხოების დონეს გააუმჯობესებს.
ამის შესახებ კვაშილავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაბურა.
კვაშილავამ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები შეაფასა.
„ეს კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით დამტკიცდა, უკვე დიდი ხანია, განიხილება. ჩვენ დიდი ხანია, ამის მიღებას ვთხოვთ. არის რამდენიმე მომენტი, რაც მნიშვნელოვანია, აღვნიშნო. პირველი: ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველოს ზოგადად მართვის მოწმობების კუთხით კანონმდებლობის დახვეწის ვალდებულება ჰქონდა. ეს პრაქტიკულ პირობებში გამოცდის გადატანას გულისხმობდა. მეორე პოზიტიური მხარე ისაა, რომ, თუ გვინდა, ჩვენი მართვის მოწმობა ევროპაში იყოს აღიარებული, მნიშვნელოვანია, ეს კანონი მიღებულიყო. იცით, ევროპაში რამხელა ბაზარია საქმიანობისთვის, მოგზაურობისთვის. მესამე მნიშვნელოვანი მომენტი: ჩვენი ორგანიზაცია აკვირდებოდა და გამოიკვეთა შემდეგი – მაგალითად, მათგან, ვინც რუსთავში აბარებდა გამოცდებს, 10-დან 5 უკან, თავისი სვლით ვერ მოდიოდა, ტარებას მერე სწვალობდა, პრაქტიკულ პირობებში ტარების გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდათ. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ძირითადი მიზეზი პრაქტიკულ პირობებში მანქანის ტარების გამოუცდელობაც იყო, სადღაც 30 %. ამ კანონპროექტის მიღება, პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების დონეს გააუმჯობესებს. ჩვენი სატრანსპორტო სისტემის ევროპულ სივრცესთან კიდევ უფრო ინტეგრირებას შეუწყობს ხელს.
იცით, რომ 25 აპრილიდან ეს რეგულაცია მსუბუქ ავტომობილებზე ვრცელდება, ნოემბრიდან კი ყველასთვის სავალდებულო იქნება. ამის შესაბამისი ინფრასტურქტურა უკვე არსებობს – ავტომობილები, გადამზადებული კადრები, ვინც ამის მონიტორინგს განახორციელებს.
კიდევ ერთი რამ მინდა, აღვნიშნო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: საქართველოში ავტოსკოლების საკითხები ვიცით: „ფეისბუქში“ ქვეყნდება რაღაც განცხადებები, არ ვიცით, ვინ არიან, თითქოს, ყველაფერს გასწავლიან… ასეთი კანონპორექტი თუ არ იქნა, ეს სისტემაც ვერ დაიხვეწება. ავტოსკოლების კუთხით სხვა შემდგომი ნაბიჯებიცაა გადასადგემლი, მაგრამ აღნიშნული კანონპროექტის დახვეწ ამ პროცესსაც გააჯანსაღებას, გამოცდის ჩაბარება, სწავლა უფრო დახვეწილი იქნება.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ კანონმდებლობა მოპედებთან, სკუტერებთან დაკავშირებითაც შეიცვალა, მათი რეგისტრაცია აუცილებელია, ასევე, აუცილებელია მართვის მოწმობა, რომლის ასაღებადაც თეორიული გამოცდის ჩაბარება იქნება საჭირო“, – განაცხადა გელა კვაშილავამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარების და მოპედების რეგისტრაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება მესამე მოსმენით დაამტკიცა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა.
შსს-ს ცნობით, კანონპროექტის ერთ-ერთ უმინიშვნელოვანეს სიახლეს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის რეფორმა წარმოადგენს. პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.
„სიახლეს წარმოადგენს ასევე A2 ქვეკატეგორიის შემოღება, რომელიც მოიცავს საშუალო სიმძლავრის მოტოციკლს.
მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ახალი წესი B და BE კატეგორიის (მსუბუქი ავტომობილი მისაბმელით ან მის გარეშე) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველთათვის 2022 წლის 25 აპრილიდან ამოქმედდება, ხოლო სხვა კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველთათვის – 2022 წლის 7 ნოემბრიდან“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს მოპედის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში მოქცევა.
“ცვლილების შედეგად, მოპედი დაექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას და მის სამართავად პირს სავალდებულოდ დასჭირდება ახალი – AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის აღება. შესაბამისად, მოპედებზე, გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით, გავრცელდება სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები.
მოპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად მინიმალური ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება 16 წლით. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე ექნება უფლება, მართოს AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.
აღსანიშნავია, რომ AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება და ამავე კატეგორიაში შემავალი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ნებაყოფლობითია 2022 წლის 28 მარტამდე, რის შემდეგაც ის სავალდებულო გახდება“, – აცხადებენ შსს-ში.
თამუნა შეყილაძე