გალაკტიონის საიუბილეოდ პოეტის მემორიალურ სახლ-მუზეუმში საჯარო ლექციები გაიმართება

17 ნოემბერს პოეტების მეფეს, გალაკტიონ ტაბიძეს, დაბადებიდან 130 წელი უსრულდება.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისის მუზეუმების გაერთიანება, 15–22 ნოემბერს მიმდინარე კვირეულის ფარგლებში, პოეტის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, სამ საჯარო ლექციას უმასპინძლებს:
როგორც თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,
17 ნოემბერს, ილია ნიკაჭაძე „გალაკტიონის ფსიქო-პორტრეტის“ შესახებ ისაუბრებს.
გალაკტიონი არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. მარტოობისკენ მიდრეკილი ნიღაბს ატარებდა, ბუნებრივი ხმით არც კი საუბრობდა. მისი საქციელი არაორდინალური და მოულოდნელი იყო. ყველა, ვინც კი იცნობდა, ამას გრძნობდა, ამიტომაც გალაკტიონზე სიცოცხლეშივე შეიქმნა ლეგენდები.
„უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებული დიდი ბავშვი“ – ასე უწოდა გალაკტიონს მისმა ძმამ აბესალომმა.
გალაკტიონის პროფილს დაბადებიდან 130 წლის შემდეგ ფსიქოლოგიურ რაკურსში წარმოადგენს ფსიქოლოგი ილია ნიკაჭაძე.
19 ნოემბერს, ვახტანგ ჯავახაძის ლექცია იქნება – „გალაკტიონის ევროპა“.
გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებას მრავალი საფუძველი აქვს, ერთ-ერთი მთავარია დასავლეთი, ევროპა და ევროპული ლიტერატურა, პოეზია. ამაზე მიანიშნებს მისი მთავარი წიგნის – „თავის ქალა არტისტული ყვავილების“ – ეპიგრაფები, რომლებიც ფრანგ პოეტებს ეკუთვნის და იდეურად განსაზღვრავს ლექსებს, ისე როგორც პოეტური სახეები, რომლებიც სიმბოლისტური პოეზიისთვისაა დამახასიათებელი.
ცნობისათვის: ხსენებული ლექციების ციკლით უკვე გაიმართა როსტომ ჩხეიძის ლექცია – „ეპოქის გავლენა გალაკტიონის შემოქმედებაში“.
ლექციების დრო: 17 საათი.
მისამართი: თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. №4.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები