„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო კვირეულს მასპინძლობს

2021 წელს გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წელი შესრულდა. „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, ამ თარიღის აღსანიშნავი კვირეული ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 17 ნოემბერს, 18 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზუმის ორგანიზებით, ახალი ექსპოზიცია გაიხსნება.
გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის საიუბილეო გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პოეტის ფოტოები, ლექსების ავტოგრაფები, ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, ნაწყვეტები დღიურიდან, პირადი წერილები, განცხადებები, ნახატები, მემორიალური ნივთები, აფიშები, მინაწერიანი წიგნები და ჟურნალ-გაზეთები.
ექსპონატთა შორის იქნება მოსე თოიძის, გრიგოლ მესხის, ირაკლი თოიძის, თეოდორე ჩუდეცკის, ლევან ცუცქირიძის, მამია მალაზონიასა და გიგლა ფირცხალავას მიერ შესრულებული პორტრეტები, ლექსების ილუსტრაციები და კარიკატურები. ასევე, იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი გალაკტიონის ბიუსტი.
გამოფენის ფარგლებში, ნაჩვენები იქნება გალაკტიონ ტაბიძის პირადი და საჯარო ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა.
20 ნოემბერს, 19 საათიდან, გუდიაშვილის მოედანზე, საიუბილეო ღონისძიება გაიმართება.
საღამოს მოდერატორები იქნებიან: ვახტანგ ჯავახაძე, ლაშა ბაქრაძე, ნენე კვინიკაძე და ნინო კასრაძე, რომლებიც გალაკტიონის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან და უცნობ დეტალებზე გვიამბობენ და წაიკითხავენ ნაწყვეტებს პოეტის შემოქმედებიდან.
სცენას გააფორმებს გალაკტიონის საარქივო ფოტომასალის შთაგონებით, მხატვარ გიორგი ჯინჭარაძის მიერ შექმნილი ილუსტრაციები.
საღამოს მუსიკალური ნაწილის შემსრულებლები იქნებიან: დავით ევგენიძე, ერეკლე დეისაძე, ანუკა ჩხეიძე, სანდრო ბიბიჩა კვაჭაძე, ცოტნე ზედგინიძე, მაია ჯაბუა.
რეჟისორი : დავით საყვარელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები