„მეოთხე ბრაიტონი“ კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის მორიგი პრიზის მფლობელია
კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი” მორიგი პრიზის მფლობელი გახდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ლევან კოღუაშვილის ფილმი „ფიპრესის” ჟიურის მიერ დაჯილდოვდა.
„მეოთხე ბრაიტონი“ გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის – კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.
ფილმში კახის როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი – ლევან თედიაშვილი ასრულებს. ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე.
ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.
„მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ-იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმი საქართველოს, ბულგარეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის კოპროდუქციაა.