ირაკლი რუხაძე განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი რუხაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
„ტვ პირველმა“ და მისმა ჟურნალისტებმა კიდევ ერთი გრძელი და აბდაუბდა პასკვილი მომიძღვნეს. ვერ გავიგე, რას მაბრალებენ „ტვ პირველის“ დამკვეთები და მათი გადაცემის სტუმრები. არც ის მგონია, რომ მაყურებელი გაერკვა იმაში, რას მედავება ეს არხი. ცრუ ბრალდებების შეთხზვა, დიდი ხანია ამ არხის მთავარი პროდუქტია. იმედია, მაყურებელთა უდიდესმა ნაწილმა, ასევე აღიქვა „ტვ პირველის“ ეს „სიუჟეტი“.
„ტვ პირველის“ მტკიცებით, თურმე მე და ჩემმა პარტნიორებმა ზარალი მივაყენეთ „ჰანიველ პარტნერსს“ და ამიტომ, თითქოს ჩვენი აქტივები საქართველოში და ქვეყნის გარეთ, დაყადაღებულია. ესეც მტკნარი სიცრუეა და ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ნეგატიური ფონის შექმნას ჩემი და ჩემი პარტნიორების მფლობელობაში არსებული აქტივების გარშემო. „ჰანიველ პარნერსი“ ყოველთვის იყო და არის ჩემი და ჩემი პარტნიორების კომპანია და ამიტომ ვერანარი პრეტენზია ვერ ექნებოდა ჩემ წინააღმდეგ (და არც ჰქონია). არც ჩვენს აქტივებს ადევს ყადაღა.
თუ მოვახერხე და სწორად გავიგე, „სიუჟეტი“ ეძღვნება ჩემი და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ურთიერთობას თანადაფინანსების ფონდთან და ჰანიველ პარტნერსის ინვესტიციას ,,ჰაიდელბერგ ცემენტში“. ეს ყველაფერი გამოყვანილია, როგორც „ცრუ“ ურთიერთობები და ინვესტიციები. 2013 წელს, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განიხილავდა თანადაფინანსების ფონდში მონაწილეობის შესაძლებლობას, მაგრამ ამ დროს, მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაბრუნებული ბადრის სიკვდილის შემდეგ მიტაცებული კაპიტალი და აქტივები. ამიტომ, ასეთი ინვესტიცია შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ სახელით და სინამდვილეში კი, ბადრის ოჯახი მხოლოდ მომავალში შეძლებდა რეალური ინვესტიციის გაკეთებას (მას შემდეგ, რაც საინვესტივციო კაპიტალი აღმოჩნდებოდა მისი ოჯახის განკარგულებაში). ამიტომ, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ ტიპის ინვესტიციის საწინააღმდეგოდ. მოლაპარაკებები ორივე მხარისთვის მიჰყავდათ ინგლისელ იურისტებს და რა თქმა უნდა, ეს მოლაპარაკებები ვერ იქნებოდა რაღაც სიცრუის გარშემო, როგორც ეს „ტვ პირველმა” წარმოაჩინა 8 წლის შემდეგ.
ასევე, 2017 წელს, ჩემი და ჩემი პარტნიორების მიერ „ჰაიდელბერგ ცემენტის“ საქართველოში გაკეთებული ინვესტიცია არ წარმოადგენს „ცრუ“ ინვესტიციას. მეამაყება, რომ დღესაც ვარ ამ შესანიშნავი კომპანიის თანამფლობელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
ბოლოს, როგორც ყველასათვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის მთავრობა, პროფესიონალ თაღლითებთან ტანდემში, ყველაფერს აკეთებდა, რათა მიეთვისებინა ბადრის ოჯახის სახსრები. ამ უსამართლო პროცესში მონაწილეობდა მრავალი ადამიანი. ზოგიერთი მათგანი დღეს სხვადასხვა ტელევიზიასაა ამოფარებული და სიტყვის თავისუფლების ეგიდით, სიცრუის ტირაჟირებას ეწევა.
ამჯერად ზემოხსენებული „სიუჟეტის“ გმირი ბატონი გიორგი ისაკაძეა, რომელიც ბადრის გარდაცვალებიდან ძალიან სწრაფად განუდგა ბადრის და მოგვევლინა საერთაშორისო თაღლითის, ჯოზეფ კეის ერთ-ერთ მთავარ მრჩეველად საქართველოში. ნიშანდობლივია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ბატონ ისაკაძეს დააკისრა 3 მილიონი დოლარის დაბრუნება ბადრის ოჯახისთვის. თანხის, რომელიც ბატონმა ისაკაძემ ბადრისგან ისესხა, სანამ ის ცოცხალი იყო და 13 წელიწადზე მეტია არ აბრუნებს. მან იცის, რომ მოუწევს ვალის დაბრუნება და ესეცაა ალბათ მიზეზი ასეთი პასკვილების დადგმისა, სადაც ის და მისი კოლეგები იღწვიან, რომ ჩირქი მოსცხონ იმ ხალხს, ვინც ცდილობდა ბატონი ისაკაძისგან ბადრის გარდაცვალების შემდეგ უკანონოდ მითვისებული თანხის ბადრის ოჯახისთვის დაბრუნებას”, – ნათქვამია განცხადებაში.