სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორმხრივი სროლაა – ერევანი მოსკოვს დახმარებას სთხოვს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებით ძალიან დაძაბული ვითარებაა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ლოკალური საბრძოლო მოქმედება, რომლის დროს მოწინააღმდეგე იყენებს არტილერიას, ჯავშანტექნიკასა და სხვადსხვა კალიბრის იარაღს. აღინიშნება, რომ სომხური მხარე ადეკვატურად პასუხობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა მორიგი პროვოკაცია განახორციელეს და აღნიშნული მიმართულებით სომხეთის პოზიციებს თავს დაესხნენ.

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის განცხადებით, აზერბაიჯანი ცდილობდა, სომხეთის წინააღმდეგ გამოეყენებინა არა მხოლოდ ახალი ძალები და სამხედრო ტექნიკა, არამედ ის, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე 12 მაისიდან არის.

„13:00 საათისთვის აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებით სამხედრო მოქმედებები დაიწყეს და სიტუაციის გამწვავებას ცდილობდნენ საზღვრის მთელს პერიმეტრზე. ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტრო დგამს ნაბიჯებს სიტუაციის დასასტაბილურებლად,” – თქვა მან.

გრიგორიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მიერ საზღვარზე ვითარების გამწვავებით ბაქო ცდილობს, მოლაპარაკეთა პროცესი შეაფერხეოს, ასევე, რეგიონში ვითარების დესტაბილიზაცია მოახდინოს.

მისი თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ არ მიიღო მათთვის სასურველი „ზანგეზურის დერეფანი“ და გადაწყვიტა მსგავსი ქმედებების განხორციელება.

გრიგორიანმა აზერბაიჯანული პროვოკაცია ასევე დაუკავშირა საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესს და სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას.

ერევანი მიმართავს მოსკოვს, დაიცვას სომხეთის სუვერენული ტერიტორია 1997 წლის ორმხრივი ხელშეკრულების შესაბამისად.

“რადგან მოხდა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმა, ჩვენ მივმართავთ რუსეთს 1997 წლის ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში და ორმხრივი ვალდებულებების ლოგიკით, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მოწოდებით“, – განაცხადა გრიგორიანმა.

უშიშროების საბჭოს მდივანმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე მიმართვა ზეპირ ფორმას ატარებს, რასაც მოჰყვება წერილობითი პროცედურაც.

“თუ პრობლემა მოლაპარაკებით ვერ მოგვარდება, სომხეთს ექნება საკმარისი სამხედრო დახმარება არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად”, – დასძინა მან.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის მორიგი ეტაპი 14 ნოემბერს დაიწყო.

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთის მიმართულებით სომხების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, მოგვიანებით, საკუთარი პოზიციების გადაწევა სცადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები