გალაკტიონის დაბადებიდან 130 წლისთავთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნება
17 ნოემბერს, 18:00 საათზე, გალაკტიონის დაბადებიდან 130 წელთან დაკავშირებით, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” ფარგლებში, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენას ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი – ლაშა ბაქრაძე გახსნის.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პოეტის ფოტოები, ლექსების ავტოგრაფები, ავტობიოგრაფიები, დღიურის ჩანაწერები, პირადი წერილები, ნახატები, მემორიალური ნივთები და სხვ.
აქვე გამოიფინება მოსე თოიძის, გრიგოლ მესხის, ირაკლი თოიძის, თეოდორე ჩუდეცკის, ლევან ცუცქირიძის, მამია მალაზონიას, გიგლა ფირცხალავას მიერ შესრულებული მწერლის პორტრეტები, ლექსების ილუსტრაციები და კარიკატურები, იაკობ ნიკოლაძის ბიუსტი.
გალაკტიონის ტექსტები და ვიზუალური მასალის ანოტაციები წარმოდგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
გამოფენა 2 თვის განმავლობაში რჩება მუზეუმში და ღიაა დამთვალიერებლებისთვის.
მისამართი: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი – გია ჭანტურიას ქ.8.