ადვოკატი: შაბათსვე იცოდნენ, რომ პენიტენციური სამსახური სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას არ აპირებდა – ექსპრეზიდენტს დაცვის უფლება წაართვეს

“დღეს კიდევ ერთხელ ვხდებით მოწმე იმის, რომ სასამართლო გაუქმებულია”, – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია პენიტენციური სამსახურის განცხადებას.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს.

“დღეს კიდევ ერთხელ ვხდებით მოწმე იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, რომ სასამართლო გაუქმებულია. ჯერ კიდევ შაბათ დღეს იცოდა სასამართლომ, რომ თურმე პენიტენციური სამსახური არ აპირებდა მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანას სასამართლოში. ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის ფონზე, მაშინ – როდესაც ყოველ წუთს ვსაუბრობთ ჩვენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები უნდა შედგეს, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, პენიტენციურ სამსახურს პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული და სასამართლოც ალბათ ტექნიკურ მიზეზს იტყვის, კანცელარიაში იყო და არ ვიცოდითო, შაბათ დღეს ეს პოზიცია უკვე არსებობდა, შაბათს უკვე იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს აქ სასამართლო პროცესზე არ მოიყვანდნენ”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე გადაყვანის შესახებ უარს აცხადებს. უწყება იმავე მიზეზებს ასახელებს: “სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები