„ფხოვის ზარები“ – კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ილია პატაშურის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
17 ნოემბრიდან, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით/ინიციატივით, ცნობილი მხატვრის ილია პატაშურის ნამუშევრების გამოფენა -„ფხოვის ზარები“ გაიხსნება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება მხატვრის 120 ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა). გამოფენისთვის ასევე მომზადდა და გამოიცა ილია პატაშურის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი კატალოგი.
ილია პატაშური 1939 წელს სოფ. ხევშაში დაიბადა და მის შემოქმედებას ქართული მთის კოსმოგონია მუდმივად თან სდევს. მხატვრის შემოქმედება ჟანრულად მრავალფეროვანია – ძირითადად, ტრადიციული, ისტორიული და ყოფითი სცენები, პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი. ისინი შესრულებულია ინტენსიურ ფერთა შეხამებით. განსაკუთრებით ცნობილი ფერწერული ტილოებია: „დიდგორი“, „ვედრება“, „ბროწეულები“, „კრწანისი“ და სხვა.
„აღსანიშნავია, რომ ილია პატაშურის გამოფენის მოწყობა ეროვნულ გალერეაში კულტურის მინისტრის ინიციატივით გახდა შესაძლებელი. თეა წულუკიანმა 18 მაისს, მუზეუმთა საერთაშორისო დღეს, მხატვრებს ეროვნული გალერეიდან მიმართა და აცნობა, რომ მათი მრავალწლიანი თხოვნა დაკმაყოფილებულია და ე.წ. ცისფერი გალერეა მხატვრებს უბრუნდება. მართალია სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას 2021 წლის საგამოფენო კალენდარი ეროვნული მუზეუმის მიერ უკვე შევსებული დახვდა, თუმცა ახალშექმნილი სამინისტროს ძალისხმევით, 2021 წლის გეგმაში ცნობილი მხატვრის ილია პატაშურის გამოფენის შეტანა მაინც მოხერხდა და ის მხატვრის საიუბილეო თარიღის ეძღვნება. 2022 წლის კალენდარზე მუშაობა კი, დაწყებულია და მხატვართა გამოფენების კალენდრის შედგენის მთავარი პრინციპი ღიაობა და გამჭვირვალობაა“, – აღნიშნNულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მნახაველებს გამოფენა „ფხოვის ზარების“ ხილვის შესაძლებლობა 17 დეკემბრამდე ექნებათ.